კარიერაში მესამედ - ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია!
პარიზის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ლიპარტელიანმა ფინალში იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მესამედ მოიპოვა. 100 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ლიპარტელიანმა გამარჯვება ვაზარით მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა 90 კგ. წონით კატეგორიაში გამოსვლისას პარიზის გრანდ სლემზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა, 100 კგ. წონით კატეგორიაში კი ოქროს მედლის მფლობელი პირველად გახდა.
წლის პირველი ''დიდი მუზარადის'' ფინალისკენ მიმავალ გზაზე ლიპარტელიანმა მეორე წრეში ტაილანდელ ვეი პუიანგს ვაზარით მოუგო. ლიპარტელიანის შემდეგი მეტოქე ბულგარელი დანიელ დიჩევი იყო, რომელიც ქართველმა საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში ფრანგ ალექსანდრ იდირისთან შეხვედრაში ლიპარტელიანი შიდოთი დაწინაურდა, შემდეგ კი ვაზარი აიღო და ნახევარფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, ლიპარტელიანმა ნახევარფინალში სამხრეთკორეელ გუამ ჩოს იპონით სძლია.ბაქოში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მარცხისთვის ლიპარტელიანმა რევანში პარიზის „გრანდ სლემის“ ნახევარფინალში აიღო.
პარიზის გრანდ სლემზე ლიპარტელიანის ოქროს მედლის გარდა საქართველოს ნაკრებმა 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლები თემურ ნოზაძისა (60 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილის (73 კგ.) ანგარიშზეა.