ტრიუმფალური სვლა გრძელდება: 6 ოქროს მედალი ბულგარეთიდან
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ბულგარეთში პეტკო სირაკოვისა და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირში მონაწილეობას საქართველოს 23 წლამდე ნაკრები იღებს.
ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველებმა ანალოგიური შედეგი ტურნირის მეორე დღესაც აჩვენეს. საერთაშორისო ტურნირის მეორე დღეს ოქროს მედლის მფლობელები რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ედემი ბოლქვაძე (65 კგ) და გიორგი სულავა (74 კგ) გახდნენ.
დინგაშვილმა ფინალში რუმინელ რაზვანს წმინდად მოუგო, ბოლქვაძემ ბულგარელი ბადავროვი დიდი უპირატესობით 10:0 დაამარცხა, სულავამ კი დაძაბულ ბრძოლაში ბოლო ქულის ხარჯზე ტაიმურაზ სალკაზანოვი დაამარცხა, რომელიც 23 წლამდელთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

შეგახსენებთ, ტურნირის პირველ დღეს 70 კგ. წონით კატეგორიაში ივერი ჯულაყიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ანალოგიური შედეგი ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ.) და დემურ მეგენეიშვილმა (92 კგ.) აჩვენეს. ასე რომ საქართველომ 6 ოქროს მედალი მოიპოვა, თუმცა შესაძლოა მედლების რაოდენობა გაიზარდოს, რადგან ტურნირის დასკვნით დღეს ფინალში ზაურ ბერაძე (86 კგ), ბექა ჭელიძე (97 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) იასპარეზებენ.
ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური