მიხეილ ყაველაშვილი : "სოლიდარობას ვუცხადებთ ევროპის ჩემპიონს ზურა დათუნაშვილს"
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს პირადად შეხვდება, რომ ის დაუბრუნდეს პროფესიულ საქმიანობას და საქართველოს სახელით იჭიდაოს.
ყაველაშვილმა განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა:
"ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ. სოლიდარობას ვუცხადებთ, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონს. მე მექნება შესაძლებლობა, რომ მას შევხვდე და დავაახლოვო ეს პროცესი იმასთან, რომ ის აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს პროფესიულ საქმიანობას, რათა აუცილებლად იჭიდაოს საქართველოს სახელით. აქ არის მცდელობები სხვადასახვა ჯგუფის მიერ სპეკულირების, რაც მე ვფიქრობ, არასასიამოვნოა. იყო მყისიერი რეაქცია შს სამინისტროს მხრიდან, პრეზიდენტი მიცემული იყო პასუხისგებაში, მაგრამ ამ თემას სიღრმისეულად უნდა შევხედოთ. ჩვენ ფუნქციას გამოვიყენებთ, პარლამენტი და შესაბამის სამინისტროს მოვთხოვთ რეაგირებას. კარგი მმართველობის პრინციპზე დაწყებულია კვლევა და სიტუაცია აუცილებლად იქნება გამოსწორებული" - განაცხადა ყაველაშვილმა
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონ ზურა დათუნაშვილის თქმით, ის არჩევანის წინაშე დგას და თუ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი არ შეიცვლება, მას სხვა ქვეყანაში მოუწევს საასპარეზოდ წასვლა.