კონფლიქტი დასრულებულია! პატრიარქმა ძიუდოისტები დალოცა და შეარიგა
ბოლო დროს ქართულ ძიუდოში მოვლენები არც ისე კარგად მიმდინარეობდა.
უამრავი დაპირისპირებისა და განხეთქილების შემდეგ ეს ყველაფერი შედეგებზეც აისახა.
საბოლოოდ, ფედერაციის ქარმომადგენლები და ძიუდოისტები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდნენ.
უწმინდესმა ისინი დალოცა და საბოლოოდ კონფლიქტი შერიგებით დასრულდა.
ამ ინფორმაციას კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე ადასტურებს.
დღევანდელ შეხვედრას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ესწრებოდა და ასევე მასთან ერთად ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, უშანგი მარგიანი, გურამ თუშიშვილი და ზებედა რეხვიაშვილი იმყოფებოდნენ.

ასევე, შეხვედრაზე იმყოფებოდა პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელიც.
შეხვედრის შემდეგ კომენტარები ორივე მხარისგან მოვისმინეთ:
შოთა ხაბარელი: „კარგი რამ მოხდა დღეს – შერიგება ძიუდოისტების. პატრიარქმა დალოცა და დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი, რასაც ჰქვია დაპირისპირება, აღარ უნდა იყოს. ეს იყო ნება ყველასი, რომ პატრიარქთან მოსულიყვნენ და შერიგებულიყვნენ. ყველაფერი კარგად იქნება. ეს არ არის მხოლოდ იაპონიის ინციდენტი, ამას ჰქონდა მთელი პროცესი, მთელი წელი მიმდინარეობდა დაპირისპირება სპორტსმენებს შორის, რაც ყველაზე ცუდი იყო. დღეს ყველა ერთმანეთს მოეფერა და ეს ინციდენტი ამოწურულია“.
ვარლამ ლიპარტელიანი: „მოგეხსენებათ ძიუდოში განვითარებული ბოლო მოვლენების გამო, ვერ იყო სიტუაცია დალაგებული. აქედან გამომდინარე, უწმინდესის თხოვნით და ლოცვა-კურთხევით, მთელი ნაკრები და სრულიად ძიუდოს ოჯახი იყო მოსული პატრიარქთან და მისი ლოცვა კურთხევით ჩვენ გავერთიანდით და შევეცდებით ერთიანი ძალებით უფრო მეტი წარმატება მოვუტანოთ ქვეყანას და ჩვენს სპორტს. სხვა დეტალებზე არ იყო საუბარი, კონკრეტულად იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა გავერთიანებულიყავით და ასეც მოხდა.“
შეგახსენებთ, რომ გურამ მოდებაძემ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.