ვინ იქნება ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქე? ჯარელ მილერი დაწინაურდა
Aa
Aa

ვინ იქნება ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქე? ჯარელ მილერი დაწინაურდა

ენტონი ჯოშუას მომდევნო ოპონენტთან დაკავშირებით „ნისლიან ალბიონზე“ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ადგილობრივი ტაბლოიდების ცნობით 13 აპრილს, „უემბლიზე“, ბრიტანელის წინააღმდეგ ჯარელ მილერი გამოვა.

შეგახსენებთ, რომ ენტონის ორთაბრძოლის გამართვა უაილდერთან სურდა, თუმცა ეს უკანასკნელი ფიურისთან მატჩრევანშისთვის ემზადება. ტაისონისა და დეონტეის შერკინების ხილვის „ბრძანება“ WBC-მაც გასცა.

ჯოშუას სავარაუდო ოპონენტებზე დისკუსიისას ფიურისა და უაილდერის შემდეგ ყველაზე ხშირად დილიან უაითის კანდიდატურას ასახელებენ. ბრიტანული პრესის ცნობით ენტონის წარმომადგენლებმა უაითს წინადადებითაც მიმართეს, თუმცა ამ უკანასკნელმა უარით გაისტუმრა. დილიანის თქმით მან სასაცილო შემოთავაზება მიიღო და განსაკუთრებით ფინანსური მხარე გააკრიტიკა.

თუ უახლოეს მომავალში სერიოზული ცვლილებები არ მოხდა 29 წლის მოკრივეს მილერის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. ჯარელი WBA-ის რეიტინგში მეორე, ხოლო WBO-ის მიხედვით მეოთხეა.

მილერი 30 წლისა გახლავთ და კარიერის განმავლობაში რინგზე 24-ჯერ გამოვიდა. ჯარელმა 23-ში იმარჯვა, ერთი კი ფრედ დასრულდა.

ESPN-ის მიხედვით ჯოშუას ოპონენტის ვინაობა მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.

ცხელი ამბები