რევანში აღებულია! "კლემსონი" ჩემპიონია!
გამთენიისას კოლეჯის ამერიკული ფეხბურთის საჩემპიონო შეხვედრა გაიმართა. ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს „კლემსონ თაიგერსი“ და „ალაბამა კრიმსონ თაიდი“ შეერკინენ.
ექსპერტთა ვარაუდით შეხვედრა დაძაბულ ორთაბრძოლაში უნდა წარმართულიყო, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა. „კლემსონმა“ ბრწყინვალედ იასპარეზა და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა.
დაძაბული სტარტის შემდეგ „თაიგერსის“ ფეხბურთელებმა უპირატესობის მოპოვება მეორე მეოთხედში მოახერხეს და შესვენებაზე 15 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. სიტუაცია არც მეორე ტაიმში შეცვლილა. „ალაბამამ“ მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა და საბოლოოდ 44-16 განადგურდა.
„თაიგერსმა“ ეროვნული ჩემპიონობა საკუთარ ისტორიაში მესამედ დაიბევა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ „კლემსონი“ 21-ე საუკუნეში პირველი გუნდია, რომელმაც სეზონი მარცხის გარეშე დაასრულა და ამავდროულად ჩემპიონობა დაისაკუთრა. „თაიგერსის“ მთავარმა მწვრთნელმა, დაბო სვინიმ კი წლევანდელი სეზონის „კლემსონს“ ყველა დროის საუკეთესო გუნდი უწოდა.