მეივეზერის შემდეგ ნასუკავასთან ორთაბრძოლის გამართვა მაკგრეგორსაც მოუნდა
Aa
Aa

მეივეზერის შემდეგ ნასუკავასთან ორთაბრძოლის გამართვა მაკგრეგორსაც მოუნდა

კონორ მაკგრეგორის სამომავლო გეგმების შესახებ დაზუსტებით არაფრის თქმა შეიძლება. ირლანდიელი მებრძოლის საქმეს ნევადას სპორტული კომისია იხილავს. კონორს დისკვალიფიკაცია ემუქრება, რისი მიზეზიც ნურმაგომედოვთან დაპირისპირების შემდეგ ატეხილი ჩხუბია.

ნევადას სპორტული კომისიის ვერდიქტი ცნობილი 29 იანვარს გახდება. მანამდე კი მაკგრეგორმა საინტერესო განცხადება გააკეთა და ფლოიდ მეივეზერის ყოფილ მეტოქესთან, ტენშინ ნასუკავასთან, ორთაბრძოლის ჩატარების სურვილი გამოთქვა.

კონორმა იაპონელი მებრძოლი სოციალური ქსელების მეშვეობით გამოიწვია და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „ტოკიოში, ტენშინ ნასუკავას წინააღმდეგ, MMA-ის წესებით გამართულ საჩვენებელ ორთაბრძოლაში მონაწილეობას სიამოვნებით მივიღებდი. ძალიან გთხოვთ ეს შეხვედრა ჩაატარეთ. პატივისცემით ჩემპიონი “.

მაკგრეგორთან შერკინებაზე ტენშინ ნასუკავაც თანახმაა. ირლანდიელის გამოწვევას მან „ინსტაგრამზე“ უპასუხა და აღნიშნა: „ძვირფასო კონორ მაკგრეგორ. დიდ მადლობას გიხდი იმისთვის, რომ ჩემი სახელი გახსოვს. შენს წინააღმდეგ ორთაბრძოლის გამართვა ჩემთვის უდიდესი პატივია. 58 კილოგრამს პლუს კიკბოქსინგის წესები და მჯერა ჩვენი დაპირისპირება უახლოეს მომავალში შედგება. წლევანდელ სეზონში აუცილებლად ვიბრძოლებ, ასე რომ კვების რაციონი აკონტროლე და დამელოდე“.

ცხელი ამბები