დეონტეი უაილდერი:
Aa
Aa

დეონტეი უაილდერი: "ჯოშუას ათიდან ათივე ორთაბრძოლაში ნოკაუტში ჩავაგდებ"

კრივის მძიმეწონით კატეგორიაში ბევრი რამ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ოთხი საჩემპიონო ქამრის მფლობელი, ენტონი ჯოშუა, რინგზე 13 აპრილს დაბრუნდება, მაგრამ საინტერესოა ვის წინააღმდეგ. 

ბრიტანელები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, რომელთა შორის ტაისონ ფიური, დეონტეი უაილდერი და დილიან უაითი არიან. ჯოშუას პრომოუტერის თქმით ენტონის ყველაზე მეტად WBC-ის ჩემპიონის წინააღმდეგ ბრძოლა სურს, თუმცა ეს უკანასკნელი სხვა აზრზეა.

უაილდერმა საკუთარი პოზიცია AB Boxing-სთვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა და განაცხადა: „ჯოშუა იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს და ჩემთან ორთაბრძოლის გამართვას სწორედ ამიტომ ითხოვს. რეალურად მას ბრძოლის ჩატარება არ სურს. ჩემს წინააღმდეგ რინგზე გამოსვლა რომ ნდომებოდა მოლაპარაკებებში თავის დროზე ჩაერთვებოდა“.

„ჯოშუას ეგონა მძიმეწონით კატეგორიაში მის გარეშე არაფერი მოხდებოდა, მაგრამ მე და ტაისონმა დავამტკიცეთ, რომ ცდებოდა. ჩვენ ბრწყინვალე ორთაბრძოლა ჩავატარეთ და ფიურისთან მატჩრევანშის გამართვას მოუთმენლად ველი. მზად ვარ ჩემპიონობა სასწორზე კიდევ ერთხელ დავდო. იმედია ტაისონი მოტივაციას არ დაკარგავს და დაპირისპირებას იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში შეხვდება“.

აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს დასკვნით ნაწილში უაილდერმა საკმაოდ ამბიციური და ხმაურიანი განცხადება გააკეთა: „ჯოშუას ათიდან ათივე ორთაბრძოლას ნოკაუტით მოვუგებ. მისი მსგავსი მოკრივეების წინააღმდეგ ჩხუბი ძალიან მომწონს. იგი ბევრს არ მოძრაობს და მარჯვენა ხელით მტკივნეული დარტყმის განხორციელებისთვის ხელსაყრელი მომენტი ბევრჯერ შემექმნება, რასაც მარცხენა ჰუკი მოჰყვება“.

ცხელი ამბები