11 რაუნდი და დამანგრეველი ნოკაუტი! უაიტმა ჩისორა რემატჩშიც დაამარცხა
“არ მიყვარს, როდესაც ორშაბათ დილას ვდგები და სახეში მაშინვე მუშტებს ვიღებ. თუმცა ვერაფერს იზამ, ასეა საჭირო. როგორც ძველები იტყოდნენ დასველების გარეშე ვერ გაცურავ, ტკივილის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ“, - ეს სიტყვები დილიან უაიტს ეკუთვნის, რომელმაც დერეკ ჩისორას რემატჩიც მოუგო და ის ენტონი ჯოშუას მთავარ კონკურენტად სრულიად ლოგიკურად ითვლება.
ბრძოლა 11 რაუნდს გაგარძელდა და ის უაიტის დამანგრეველი ნოკაუტით დასრულდა. ჩისორა უბრალოდ დავარდა და გაითიშა.


როგორც მოგეხსენებათ, ჩისორა და უაიტი ერთმანეთს 2016 წელსაც დაუპირისპირდნენ და გამარჯვება მაშინაც ბრიქსტონელ მოკრივეს დარჩა.
ამ გამარჯვების შემდეგ უაიტმა WBC ვერცხლის და WBO საერთაშორისო ქამრების დაცვა შეძლო.

ბრძოლის დასრულების შემდეგ დილიან უაიტმა ჯოშუასთან სავარაუდო დაპირისპირებაზე დაიწყო საუბარი, რა დროსაც რინგზე თავად ჯოშუაც გამოჩნდა და ასეთი პასუხი გასცა: "თუ ჩემი მომდევნო მეტოქე უაილდერი არ იქნება, ასეთ შემთხვევაში მზად ვარ უაიტს შანსი მივცე".

2015 წელს ჯოშუასა და უაიტის ბრძოლა ბრიქსტონელი მოკრივისთვის ძალიან ცუდად დასრულდა - ნოკაუტი.