ორი დღე "კიუშუ ბაშომდე" - ტოჩინოშინის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილია!
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე მორიგი ბაშოსთვის ემზადება. წლის დასკვნითი ტურნირი ფუკუოკაში გაიმართება და სტარტს 11 ნოემბერს აიღებს.
ტოჩინოშინს წარმატების მიღწევის მშვენიერი შანსი აქვს. მოგეხსენებათ ტრავმის გამო "კიუშუ ბაშოზე" იოკოძუნებს, ჰაკუჰოსა და კაკურიუს ვერ ვიხილავთ, ხოლო კისენოსატო არც თუ ისე კარგ ფორმაში იმყოფება.
იაპონური სუმოს ოფიციალურმა საიტმა ნოემბრის ბაშოს საწყისი ორი დღის განრიგი გამოაქვეყნა და ლევან გორგაძეს მეტოქეების ვინაობაც ცნობილი გახდა.
ქართველი სეკიტორი ტურნირს ტამავაშისთან დაპირისპირებით გახსნის. ეს უკანასკნელი დასავლეთის მეორე მაეგაშირას წოდებას ატარებს, თუმცა ლევანთან გამკლავება ძალიან უჭირს და 19 შეხვედრიდან გამარჯვების მოპოვება მხოლოდ 5-ჯერ მოახერხა.
ბაშოს მეორე დღეს გორგაძე დოჰიოზე ნიშიგიკის წინააღმდეგ გამოვა. იაპონელი სუმოისტი აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირაა და ტოჩინოშინთან 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ლევანს მასთანაც დადებითი ბალანსი აქვს - 2-1.