ვინ არის ტენშინ ნასუკავა?
Aa
Aa

ვინ არის ტენშინ ნასუკავა?

ფლოიდ მეივეზერის სენსაციური გადაწყვეტილების შემდეგ ტენშინ ნასუკავა საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მოკრივე იაპონელ მებრძოლს 31 დეკემბერს დაუპირისპირდება. ბრძოლა იაპონიაში შედგება, თუმცა ბევრი რამ ჯერ კიდევ გასარკვევია.

20 წლის სპორტსმენს შესაშური შედეგი აქვს და 27 მატჩიდან არცერთხელ დამარცხებულა.

როდის დაიწყო ტენშინ ნასუკავას კარიერა?

ნასუკავამ კარატეზე სიარული 5 წლის ასაკში დაიწყო. იგი ამ სპორტზე მამამისმა მიიყვანა, რომელიც თვლიდა, რომ საბრძოლო ხელოვნება მასში დისციპლინის დონეს აამაღლებდა.

ყველასათვის მოულოდნელად ტენშინი საერთაშორისო სენსაციად იქცა და 12 წლის ასაკში ქვეყნის ჩემპიონობა უკვე რამდენჯერმე ჰქონდა მოპოვებული. კიკბოქსში გადასვლა მან სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა. მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაამართლა. ნასუკავა დაუმარცხებელ სპორტსმენად იქცა და ფლოიდის მსგავსად წაგების გრაფაში მასაც ნული უწერია. გამომდინარე იქიდან, რომ მეივეზერმა კონტრაქტი Rizin-თან გააფორმა და ეს უკანასკნელი MMA-ის ბრძოლებს მართავს, ამერიკელ მოკრივეს დიდი ალბათობით „უცხო“ რინგზე გამოსვლა მოუწევს.

რაში აქვს ნასუკავას უპირატესობა?

ნასუკავას მთავარი უპირატესობა მარცხენა ფეხი და ხელია. იგი ძალიან სწრაფია და ფლოიდს წარმატების მისაღწევად ტემპის დაგდება მართებს.

ტენშინი მოწინააღმდეგის თითოეულ მოძრაობას აკონტროლებს და ხშირად გამარჯვებას სწორედ ამის ხარჯზე აღწევს. ერთ-ერთმა კომენტატორმა მის შესახებ ასეთი რამ განაცხადა: „ის აბსოლუტურად ყველაფერს ხედავს. ეს ბიჭი მატრიცაშია, ასეთ დარტყმას არავინ ელოდა“.

ფიზიკური მონაცემები

ნასუკავა ფლოიდზე 10 სანტიმეტრით დაბალია. რამდენიმე საათის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ტენშინმა მოწინააღმდეგის ფიზიკურ მონაცემებზე ისაუბრა და განაცხადა: „ჩემი ოპონენტი უფრო მაღალ ადამიანად გამოიყურება, ვიდრე რეალურად არის, თუმცა ვფიქრობ მისთვის მტკივნეული დარტყმების მიყენებას მაინც შევძლებ“.

რა ამბიციები აქვს ნასუკავას?

20 წლის იაპონელს ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობა შეუძლია. მაისში მას ისეთი ბრძოლის ჩატარება სურდა, რომელიც მსოფლიოს შოკში ჩააგდებდა. რამდენიმე კვირის წინ Bleacher Report-თან საუბრისას ნასუკავამ განაცხადა: „მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ. მინდა ისეთი ბრძოლა გავმართო, რომელსაც არა მარტო იაპონელი გულშემატკივარი, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ყველა იხილავს“.

პრესკონფერენციაზე ტენშინმა მომავალი ოპონენტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „ჩემი მოწინააღმდეგის დამარცხება ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა და იმედი მაქვს ისტორიას სწორედ მე დავწერ! ჩემს დარტყმას ყველაფრის შეცვლა შეუძლია“.

ცხოვრება რინგს მიღმა

როდესაც ნასუკავა არ ვარჯიშობს, თევზაობითაა დაკავებული და იაპონურ კულტურასაც არ ივიწყებს.

ცხელი ამბები