ფლოიდ მეივეზერი ბრუნდება!
ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა, გულშემატკივრების გაოცება კიდევ ერთხელ მოახერხა. ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანის" პაკიაოსთან უნდა ეჩხუბა. ფლოიდი ნურმაგომედოვმაც გამოიწვია. ქომაგთა რაღაც ნაწილი კი თვლიდა, რომ მეივეზერი-მაკგრეგორის მატჩრევანში შედგებოდა, თუმცა ყველაფერი რადიკალურად განსხვავებული სცენარით წარიმართა.
ფლოიდ მეივეზერი იაპონიური კომპანიის, The Rizin Fight Federation-ის მიერ ორგანიზებულ ორთაბრძოლაში მიიღებს მონაწილეობას. ამერიკელი მოკრივის მეტოქე იაპონელი ვუნდერკინდი, ტენშინ ნასუკავა, იქნება. ეს უკანასკნელი კიკბოქსინგის წარმომადგენელია. იგი მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ 27 ბრძოლის გამართვა უკვე მოასწრო. ნასუკავამ ყველა დაპირისპირება მოიგო და ნოკაუტით გამარჯვების მოპოვება 21-ჯერ მოახერხა. კარიერის მანძილზე იაპონელმა მებრძოლმა ბედი MMA-შიც სცადა და 4 შეხვედრიდან ოთხივეში მოიგო. აღსანიშნავია, რომ მას კრივის წესებით არცერთი ორთაბრძოლა არ გაუმართავს.
ESPN-ის ინფორმაციით ბრძოლა 31 დეკემბერს, „საიტამა სუპერ არენა“-ზე გაიმართება, რომელიც ტოკიოსთან ახლოს, ქალაქ საიტამაში, მდებარეობს და 37000 ადამიანს იტევს. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირების თარიღი ცნობილია, რამდენიმე უმნიშვნელოვანესი დეტალი კვლავ საიდუმლოდ რჩება. მათ შორის ისეთი ასპექტებიცაა, როგორებიც, ბრძოლის წესები, რაუნდების რაოდენობა, წონითი კატეგორია და ხელთათმანების ტიპია.
ფლოიდმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „წონითი კატეგორიის და წესების შესახებ მომავალში დავილაპარაკებთ. ყველაფერი უახლოეს კვირებში გაირკვევა. ეს ორთაბრძოლა ნამდვილად განსაკუთრებული იქნება, რადგან ხალხი იმას იხილავს, რაც აქამდე არ უნახავს - ფლოიდ მეივეზერი ტოკიოში პირველად იჩხუბებს. წლების მანძილზე ჩემი ორთაბრძოლის სანახავად ამერიკაში ათასობით იაპონელი გულშემატკივარი ჩამოდიოდა, ამიტომ მე და ჩემს გუნდს გვსურდა, რაღაც განსხვავებული გაგვეკეთებინა და ბრძოლის იაპონიაში გამართვა გადავწყვიტეთ“.
„წონითი შეზღუდვების შესახებ დიდად არ ვღელავ. მთავარია რინგზე გავიდე და საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოვავლინო. ორივე მებრძოლს ზუსტად ეს გვინდა. გვსურს ხალხს სანახაობა ვაჩუქოთ. დარწმუნებული ვარ Rizin-ის წარმომადგენლები საუკეთესო იდეას შემოგვთავაზებენ და მჯერა ხალხისთვის სიამოვნების მინიჭებას მოვახერხებთ“.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ბრძოლა რა წესებით გაიმართება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამერიკელ ჟურნალისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამჯერად საქმე კრივთან არ გვექნება. მიუხედავად ყველაფრისა, ფაქტია წინ საინტერესო დაპირისპირება გველის და თუ უცხოურ პრესას დავუჯერებთ ორთაბრძოლის დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.