Aa
Aa

მერაბ დვალიშვილი: "ასეთ ვაჟკაცურ სპორტში ასეთი ძალადობა არ უნდა ხდებოდეს"

გამთენიისას ლას ვეგასში წლის ბრძოლა შედგა. ერთმანეთს UFC-ის ორი უძლიერესი მებრძოლი ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი და რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვი დაუპირისპირდნენ. ბრძოლა მე-4 რაუნდში ხაბიბის გამარჯვებით დასრულდა.

ხაბიბმა კონორს ეგრეთწოდებული "მოგუდვის" ილეთი ჩაუტარა, რის შემდეგაც ირალანდიელი დანებდა და მას ტექნიკური ნოკაუტით წაგება ჩაეთვალა, რის შემდეგაც დაღესტნელმა მებრძოლმა ემოციები ვერ მოთოკა და მაკგრეგორის გუნდის წარმომადგენლებზე გაიწია. ამის შემდეგ ვითარება ოქტაგონზეც დაიძაბა.

ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის გუნდის წევრებმა ერთმანეთისკენ გაიწიეს და იქაურობა ბრძოლის ველს დაემსგავსა. საქმეში პოლიცია ჩაერია და ხაბიბის გუნდის 3 წევრი დააკავეს.

წლის ბრძოლას გამოეხმაურა UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

დვალიშვილი ბრძოლამდეც ამბობდა, რომ ის მხარს ხაბიბს უჭერდა და მის გამარჯვებასაც ვარაუდობდა.

“ალბათ ყველამ ნახეთ ბრძოლა და იცით შედეგი. როგორც ვივარაუდე და როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.

თუმცა, რაც ბრძოლის შემდეგ მოხდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ასეთ ვაჟკაცურ სპორტში ასეთი ძალადობა არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ სპორტს არ უხდება ასეთი რამე, რადგან გვიყურებენ ბავშვები და ახალგაზრდები.

ის, რაც ხაბიბის თანაგუნდელებმა გააკეთეს, კიდევ უფრო არასწორია და ვისურვებდი, რომ ეს იყოს ბოლო შემთხვევა და ინციდენტი.

რაც შეეხება ქამარს, მას გადასცემენ ხაბიბ ნურმაგომედოვს. ეს რინგზე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ორგანიზატორებმა თავი შეიკავეს, რათა კიდევ უფრო არ გაღიზიანებულიყვნენ როგორც რუსები, ისე ირლანდიელები".

ცხელი ამბები