რუსეთის გრან პრი ჰემილტონისაა
Aa
Aa

რუსეთის გრან პრი ჰემილტონისაა

ფორმულა ერთში ლუის ჰემილტონის დომინაცია გრძელდება. ბრიტანელმა პილოტმა რუსეთის გრან პრიზე იმარჯვა და საჩემპიონო ბრძოლაში 50 ქულით დაწინაურდა.

სოჭში გამართული რბოლა ჰემილტონისთვის საიუბილეო აღმოჩნდა. ლუისმა პირველი ადგილი კარიერაში 70-ედ დაიკავა და ლეგენდარული მიხაელ შუმახერის რეკორდამდე 21 გამარჯვებაღა აკლია.

ჰემილტონის უშუალო კონკურენტმა, სებასტიან ფეტელმა, ფინიშის ხაზი მესამემ გადაკვეთა. მეორეზე კი ბრიტანელის თანაგუნდელი, ვალტერი ბოტასი გავიდა. ეს უკანასკნელი რბოლის დაწყებისას პირველი იყო, თუმცა 25-ე წრეზე ლიდერობა ბრიტანელს გადააბარა.

ლუის ჰემილტონი ინდივიდუალურ ჩათვლას 306 ქულით ლიდერობს, სებასტიან ფეტელს 256 აქვს, ხოლო ვალტერი ბოტასი 189-ით მესამე ადგილს იკავებს.

კონსტრუქტორთა დავაში ლიდერობას 495 ქულით მერსედესი ინარჩუნებს. ფერარის 442 ქულა აქვს, ხოლო მესამეადგილოსანი რედ ბულის აქტივში 292 ქულაა.

ფორმულა ერთის წლევანდელი სეზონის დასრულებამდე 5 რბოლაა დარჩენილი. შემდეგ გრან პრის 7 ოქტომბერს იაპონია უმასპინძლებს.