10 წელი ''ეტიჰედზე'' - კლუბის რეკორდსმენის ახალი კონტრაქტი
Aa
Aa

10 წელი ''ეტიჰედზე'' - კლუბის რეკორდსმენის ახალი კონტრაქტი

ინგლისური ''მანჩესტერ სიტის'' არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ კლუბთან გაფორმებული კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. 30 წლის სამხრეთამერიკელი ''ქალაქელების'' შემადგენლობაში 2021 წლამდე ითამაშებს.

აგუერო, რომელიც 2011 წელს 38 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ მადრიდის ''ატლეტიკოდან'' ''მანჩესტერ სიტიში'' გადავიდა, კლუბის ბოლოდროინდელი წარმატებების ერთ-ერთი შემოქმედია. არგენტინელმა ''მან. სიტისთან'' ერთად ინგლისის პრემიერლიგა სამჯერ მოიგო. ასევე სამჯერ გახდა ინგლისის ლიგის თასის (EFL) გამარჯვებული.

აგუერო კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.

''ძალიან ბედნიერი ვარ. ''მანჩესტერ სიტიში'' ყოფნის პირველი დღიდან მოყოლებული კლუბში ძალიან კარგად მეპყრობიან. თავიდანვე მქონდა კლუბში 10 წლით დარჩენის სურვილი. ეს არის მთავარი მიზეზი რატომაც ახალი ხელშეკრულება გაფორმდა.

სიმართლეა, რომ გუნდში არაერთი ტალანტი გვყავს, რომელთაც სამომავლოდ შეუძლიათ გუნდის თამაში პროგრესისკენ შეცვალონ. ამავე დროს ახალგაზრდები გვყავს, რომლებიც უკვე განვითარდნენ. მათ შორის არიან ლეროი სანე, რაჰიმ სტერლინგი, ბერნარდო სილვა და გაბრიელ ჟესუსი.

''მანჩესტერ სიტიში'' არიან ფეხბურთელები, რომლებსაც სწავლა და განვითარება შეუძლიათ, რაც ჩვენს კლუბში გაცილებით სწრაფადაა შესაძლებელი ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდში. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, გვჭირდება კონკრეტულ მატჩზე 100 პროცენტით კონცენტრაცია. ასეთ შემთხვევაში შევქმნით უამრავ შანსს შესანიშნავი წარმოდგენისთვის.''

 

''მანჩესტერ სიტის'' დირექტორმა ჩიკი ბიგირისტაინმა აგუეროსთან დაკავშირებით ისაუბრა: ''ბედნიერები ვართ, რომ ჩვენს კლუბში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი თამაშობს. მოხარული ვარ აგუეროსთან მიღწეული ახალი შეთანხმებით.''

აგუერომ ''მანჩესტერ სიტის'' მაისურით 299 მატჩში 204 გოლი შეაგდო, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

2017 წელს ჩემპიონთა ლიგაზე ფეხბურთელმა ''ნაპოლისთან'' გასვლით მატჩში გატანილი გოლით ''მანჩესტერ სიტის'' ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის, ერიკ ბრუკის რეკორდი დაამხო. ბრუკი რეკორდსმენად 78 წელი ითვლებოდა, თუმცა აგუერომ 178-ე გოლი ნეაპოლში შეაგდო და კლუბის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები