უსიკმა გასიევი დაამარცხა და ახლა ბელიუსთან ბრძოლა სურს
Aa
Aa

უსიკმა გასიევი დაამარცხა და ახლა ბელიუსთან ბრძოლა სურს

უკრაინელმა მოკრივემ, ოლექსანდრ უსიკმა მურატ გასიევი მსაჯთა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაამარცხა. ბრძოლა მოსკოვში გაიმართა და მაყურებლები ადგილობრივ მებრძოლს ქომაგობდნენ, თუმცა უსიკმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

გასიევმა მატჩი კარგად დაიწყო, თუმცა ოლექსანდრი ყველაფერს აკონტროლებდა და გადამწყვეტი უპირატესობა ბოლო რაუნდებში მოიპოვა.

დაპირისპირების შემდეგ უკრაინელმა მომავალ მეტოქეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ტონი ბელიუსთან დაპირისპირება სურს: „თუ მას ჩემს დივიზიონში ჩამოსვლა არ უნდა, პრობლემა არაა. მეტ მაკარონს შევჭამ“.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შემდეგ ბელიუმ „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა: „უსიკ, დაბადებიდან მზად ვარ, მოდი ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ“.

უსიკი ყირიმში დაიბადა და გავრცელებული ინფორმაციით ნახევარკუნძულის დატოვება 2014 წელს, რუსეთის მიერ განხორციელებული ანექსიის შემდეგ მოუწია. მიუხედავად ქვეყნებს შორის არსებული დაპირისპირებისა, მოკრივეები ერთმანეთს გულთბილად შეხვდნენ და შეხვედრის შემდეგ იღიმოდნენ.

უკრაინელს, რომელსაც ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, 14 მოგება და 0 წაგება აქვს, რაც შეეხება გასიევს, ეს უკანასკნელი 26 გამარჯვების შემდეგ პირველად დამარცხდა.

ცხელი ამბები