Aa
Aa

აიღო და გადადო! ტოჩინოშინის დამაჯერებელი სვლა გრძელდება

"ნაგოია ბაშოზე" ლევან გორგაძემ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სეკიტორმა კომუსუბის წოდების მქონე შოჰოზანს სძლია.

ტოჩინოშინმა ორთაბრძოლა დამაჯერებლად ჩაატარა და მეტოქე ცურიდაშის ილეთით დაამარცხა.

შოჰოზანი სიმაღლეში 178 სანტიმეტრია და 141 კილოგრამს იწონის. დღევანდელ მატჩამდე მას ლევანთან 15-დან მხოლოდ 3 შეხვედრა ჰქონდა მოგებული. შოჰოზანს მაკუუჩის დივიზიონში 262 მოგება და 294 მარცხი აქვს.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე აბი იქნება, რომელიც სიმაღლეში 187 სანტიმეტრია და 140 კილოგრამს იწონის. ეს უკანასკნელი ქართველ სეკიტორს დოჰიოზე მხოლოდ ერთხელ, 2018 წლის "ნაცუ ბაშოზე" შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. აბის მაკუუჩის დივიზიონში 27 მოგება და 20 მარცხი აქვს. შეგახსენებთ, რომ წინა ბაშოზე აბიმ ლეგენდარული მონღოლი იოკოძუნის, ჰაკუჰოს, დამარცხება მოახერხა.

რაც შეეხება მეორე ქართველ სუმოისტს, გაგამარუმ გამარჯვება მოიპოვა და ოშიდაშის ილეთით მიტორიუს სძლია.

ცხელი ამბები