Aa
Aa

"მეფე" თავისუფალი აგენტია!

"კლივლენდ კავალიერსის" ლიდერმა, ლებრონ ჯეიმსმა გუნდთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და თავისუფალ აგენტთა ბაზარზე გასვლა გადაწყვიტა. "მეფეს" გადაწყვეტილების მიღების პარასკევს 23:59-მდე ჰქონდა და როგორც ESPN იტყობინება მან გუნდს საკუთარი არჩევანის შესახებ უკვე ამცნო.

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თავისუფალი აგენტებისთვის ბრძოლა შაბათს 00:01-ზე იწყება, თუმცა კალათბურთელებს გუნდთან კონტრაქტის გაფორმება 6 ივლისამდე არ შეეძლებათ. ლებრონით "ლეიკერსი", "ჰიუსტონი" და "ფილადელფია" არიან დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ ჯეიმსის გადაწყვეტილება "კლივლენდის" დატოვებას არ ნიშნავს, მას გუნდთან კონტრაქტის გაფორმება კვლავ შეუძლია და თუ "კავსმა" რომელიმე ვარსკლავი დაიმატა შესაძლოა "მეფე" ისევ "კავალიერსის" ფორმით ვიხილოთ.

კლივლენდელებს ჯეიმსის ფინანსური მხარით მოხიბვლაც შეუძლიათ, "კავსში" დარჩენის შემთხვევაში ლებრონს 5 წლიანი დაახლოებით 205 მილიონიანი კონტრაქტის გაფორმება შეეძლება, სხვა გუნდში კი ჯეიმსის მაქსიმუმი 4 წლიანი, 152 მილიონიანი კონტრაქტი იქნება.

"მეფესთან" ერთად თავისუფალი აგენტების ბაზარზე ისეთ კალათბურთელებს ვიხილავთ, როგორებიც პოლ ჯორჯი, დემარკუს კაზინსი და კრის პოლი არიან. ლებრონი გასულ სეზონში საშუალოდ 27.5 ქულას, 8.5 მოხსნას და 9.1 გადაცემას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები