მარიამ ბოლქვაძე მანჩესტერის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა!
Aa
Aa

მარიამ ბოლქვაძე მანჩესტერის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა!

მარიამ ბოლქვაძემ მანჩესტერის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი დამაჯერებლად დასძლია და ძირითად ბადეში ითამაშებს. 20 წლის ქართველმა, შესარჩევი სტადიის გადამწყვეტ შეხვედრაში, ბრიტანელ ალისია ბარნეტს იოლად, 6:4; 6:2 აჯობა. 

ანგარიშის მიუხედავად, მარიამი პირველ სეტშიც დიდ უპირატესობას ფლობდა და 5:2-ზე თავად აწვდიდა, თუმცა პარტიის დახურვა რამდენიმე წუთით გადადო და 5:4-ზე საკუთარი გეიმის აღებით, საერთო ანგარიშში წინ გავიდა.

კიდევ უფრო იოლი გამოდგა მეორე სეტი, როცა ბოლქვაძემ ბრეიკი პირველსავე გეიმში შეასრულა და უპირატესობის შენარჩუნება აღარ გასჭირვებია.

შეხვედრა საათსა და 24 წუთს გაგრძელდა. ქართველს პირველი მოწოდების 75%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, თუმცა ეისი არ ჩაუწოდებია, სამაგიეროდ 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მან პირველ მოწოდებაზე ქულების 74%, მეორეზე კი 50% მოიგო. 

მარიამ ბოლქვაძე, ამ გამარჯვებით, 100 000 დოლარის საპრიზო ფონდის მქონე ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა და პირველ მატჩს ხვალ ჩაატარებს.

1/16 ფინალურ სტადიაზე მისი მეტოქე ოდნავ მოგვიანებით დაზუსტდება, ვარიანტი კი ოთხია - ტერეზა შმიტკოვა, სარა გრეი, ჯემი ლოები და სარა სორიბეს ტორმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები