ფედერერი და მარეი საქველმოქმედო მატჩს გამართავენ
Aa
Aa

ფედერერი და მარეი საქველმოქმედო მატჩს გამართავენ

მსოფლიო ჩოგბურთის ორი სუპერვარსკვლავი, როჯერ ფედერერი და ენდი მარეი, 7 ნოემბერს, გლაზგოში, საქველმოქმედო შეხვედრას ჩაატარებენ. ამის შესახებ ბრიტანელმა საკუთარ "ფეისბუქზე" დაწერა.

"მოუთმენლად ველოდები... 7 ნოემბერს, გლაზგოში, "დიდი სლემის" 18 გზის ჩემპიონ როჯერ ფედერერთან, საქველმოქმედო მატჩს ვითამაშებ. დიდი მადლობა მას, რომ შეთავაზებას დათანმდა". - წერს მარეი. 

ღონისძიებაში მარეისა და ფედერერის გარდა, ენდის ძმა ჯემი მარეი, ცნობილი ბრიტანელი ვეტერანი ჩოგბურთელი ტიმ ჰენმანი და საჩოგბურთო სამყაროში ყველასათვის საყვარელი მანსურ ბაჰრამიც მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც ირკვევა, ღონისძიების გამართვა მარეის იდეა გახლდათ, რომელიც თავის ქვეყანაში unicef-ის ელჩია. შემოსული თანხა კი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბავშვთათვის გადაუდებელ დახმარებათა დაფინანსებას მოხმარდება. 

ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. მათი ფასი 28-დან 170 გირვანქა-სტერლინგამდე მერყეობს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები