ბილი ჯო სანდერსის მომავალი ოპონენტი გოლოვკინი ან კანელო იქნება
Aa
Aa

ბილი ჯო სანდერსის მომავალი ოპონენტი გოლოვკინი ან კანელო იქნება

მარტინ მარისთან გაუქმებული საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ სექტემბერში ბილი ჯო სანდერსი კანელო ალვარესისა და გენადი გოლოვკინის დუეტიდან ერთ-ერთს დაუპირისპირდება.

სანდერსმა მყესის ტრავმის გამო მარისთან ორთაბრძოლის ჩატარებაზე უარი განაცხადა, თუმცა სამი თვე დაზიანების სამკურნალოდ სავსებით საკმარისია და ბილი ჯო სექტემბერში თავისი კარიერის უმნიშვნელოვანესი ბრძოლისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

კანელოსა და გოლოვკინს შორის მატჩ-რევანშის თაობაზე გამართული მოლაპარაკებები ჩაშლის პირასაა და ორივე მოკრივე სანდერსის ალტერნატივას აქტიურად განიხილავს. ალვარესს ბრძოლა, 15 სექტემბერს, მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს ლას ვეგასში სურს. რაც შეეხება გოლოვკინს, ყაზახი მოკრივე ლონდონში იჩხუბებს. გენადი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას მას ბრძოლის გამართვა ორი წონითი კატეგორიის სავალდებულო ოპონენტთან ევალება. რაც შეეხება კანელოს, იგი ყოველგვარი ვალდებულებებისგან თავისუფალია და დიდ კრივში დაბრუნებას ბილი ჯოსთან დაპირისპირებით აპირებს.

სანდერსთან გამარჯვების შემთხვევაში გოლოვკინი წონითი კატეგორიის ყველა ქამარს დაისაკუთრებს, თუმცა ამისთვის WBA-ის WBO-ის გაერთიანებულ ბრძოლაზე დათანხმებაა საჭირო რაც ადვილი ნამდვილად არ იქნება. სანდერსის ზედიზედ მეორე უარზე კომენტარი მარიმაც გააკეთა და განაცხადა: “კიდევ ერთი სისულელე! ყველამ ვიცით, რომ მისი მთავარი მიზანი დიდი ფულის სანაცვლოდ კანელოსთან ან გოლოვკინთან ჩხუბია. ბილი ჯო უკვე მეორედ გარბის, მას ჩემთან ბრძოლის ეშინია, რადგან იცის რომ გავანადგურებ. ჩემმა სხეულმა და ოჯახმა მოსამზადებლად ბევრი გაიღო და სიმართლე გითხრათ სანდერსის გადაწყვეტილება სამწუხაროა, თუმცა მე არაფრის შეცვლა არ შემიძლია’.

 

შეგახსენებთ, რომ სანდერსი დაუმარცხებელი მოკრივეა და 26 შეხვედრიდან ყველაში იმარჯვა. ბილი ჯომ ბოლოს ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი დევიდ ლემიუ დაამარცხა.

ცხელი ამბები