სისხლიანი გარჩევა ქართულ ძიუდოში - მწვრთნელმა ვეტერანი ძიუდოისტი დაჭრა
Aa
Aa

სისხლიანი გარჩევა ქართულ ძიუდოში - მწვრთნელმა ვეტერანი ძიუდოისტი დაჭრა

ქართულ ძიუდოში არსებული რთული ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. 31 მაისს გვიან ღამით ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს ძიუდოისტებს, რომლებიც პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ.

სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს, სისხლიან გარჩევაში მონაწილე ერთი პირი კი დაჭრილია. დაკავებულთაგან ერთ-ერთი ლომერ ჟორჟოლიანია, რომელიც წლების მანძილზე ძიუდოს ფედერაციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა. დღესდღეობით ლომერ ჟორჟოლიანი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელად მუშაობს. სწორედ ჟორჟოლიანმა დაჭრა ვეტერანი ძიუდოისტი იოსებ წელაური.

კონფლიქტისას ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი.

შეგახსენებთ, ერთი თვეა რაც საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძიუდოისტები ვარჯიშსა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებენ. მათ აქცია გამართეს როგორც ძიუდოს ფედერაციასთან, ასევე რუსთაველის გამზირზე ყოფილი პარლამენტის შენობასთან.

შშს-ს განცხადება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 31 მაისს, საღამოს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე პატრულირების დროს, რამდენიმე მოჩხუბარი მამაკაცი შენიშნეს. პატრულ-ინსპექტორები დაუყოვნებლივ შეეცადნენ მათ შორის დაპირისპირების განმუხტვას, რა დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. გასროლის შემდეგ, ინციდენტში მონაწილე პირების ერთი ნაწილი მიიმალა, ხოლო 1985 წელს დაბადებული ლ.ჟ. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით ადგილზევე დააკავა. ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული ორი პირი - 1990 წელს დაბადებული ლ.ყ. და 1993 წელს დაბადებული გ.გ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილი და ამოღებულია „ტე-ტე“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გადაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე. იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დავით აღმაშენებლის გამზირიდან გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში მიყვანილ იქნა 1983 წელს დაბადებული ი.წ., რომელსაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს".

მთავარ ფოტოზე: ლომერ ჟორჟოლიანი

ცხელი ამბები