''ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრები და მიუკერძოებლები'' - გიორგაძის განცხადება ძიუდოს ფედერაციასთან დაკავშირებით
Aa
Aa

''ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრები და მიუკერძოებლები'' - გიორგაძის განცხადება ძიუდოს ფედერაციასთან დაკავშირებით

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით შეიქმნა კომისია, რომელიც ძიუდოს ფედერაციიდან გამოთხოვლი დოკუმენტების შესახებ დეტალურად იმსჯელებს.

''შევთანხმდით რომ სამინისტროს, საპარლამენტო კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი კომისია ჩამოყალიბდა, რომელმაც ძიუდოს ფედერაციისგან ყველა ინფორმაცია გამოითხოვა. უახლოეს დღეებში ყველა საკითხს შევისწავლით. გადაწყვეტილებები მალე გახდება ცნობილი. ვითარების სიმწვავიდან გამომდინარე ჩვენ ამ პროცესს არ გავწელავთ. მინდა ყველას ვთხოვო შევინარჩუნოთ სიმშვიდე რომ არ მოხდეს ვითარების ხელოვნური ესკალაცია. ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრები და მიუკერძოებლები. 

კომისიაში ჩართულები ვიქნებით მე, ჩემი მოადგილეები, მიხეილ ყაველაშვილი, შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი. ასევე ოლიმპიური კომიტეტის ის წარმომადგენლები, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლიან რომ ჩართონ კომისიის საქმიანობაში. ყველა მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მკაფიო იქნება'' - აღნიშნა გიორგაძემ.

 დღეს სასტუმრო ''ბილტმორში'' საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება, სადაც ორი საკითხი განიხილება: ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესები.

შეგახსენებთ, ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში სავარჯიშო პროცესსა და ტურნირებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

''ჩვენ კითხვები გვაქვს პრეზიდენტთან'' - ძიუდოისტები ყრილობაზე შეუშვეს

ცხელი ამბები