ჟოან ლაპორტა, ხულიან ალვარესი
Aa
Aa

ლაპორტა: ატლეტიკოს დიდ პატივს ვცემთ, ალვარესით კვლავ ვინტერესდებით

ხულიან ალვარესის სატრანსფერო საგა პიკს აღწევს და ზაფხულის ბოლო 5 დღე ძალიან ცხელი იქნება. ამჟამინდელი სიტუაციის მიხედვით, კლუბსა და არგენტინელ ფორვარდს შორის ურთიერთობა მაქსიმალურად არის გაფუჭებული.

„ატლეტიკო“ მზადაა 150 მილიონად ალვარესი ნებისმიერ კლუბს მიჰყიდოს, „ბარსელონასა“ და „რეალის“ გარდა. თუმცა, თავად ფეხბურთელს მხოლოდ „ბლაუგრანაში“ გადასვლა სურს. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ხულიანთან დაკავშირებას მიკელ არტეტა ცდილობდა, რათა პერსონალურად დაერწმუნებინა „არსენალში“ გადასვლაზე, მაგრამ ფეხბურთელმა საუბარიც კი არ ისურვა.

ცოტა ხნის წინ, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ალვარესის ტრანსფერის თაობაზე ახალი განცხადება გაავრცელა:

„ჩვენ კვლავ ძალიან დაინტერესებულები ვართ ხულიან ალვარესით. გვსურს, რომ ჩვენი შეთავაზება მიიღონ და ამას მადრიდის „ატლეტიკოს“ მიმართ უდიდესი პატივისცემით ვაკეთებთ.

მინდა იცოდნენ, რომ თუ ისინი მზად არიან ფეხბურთელი ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაყიდონ, ჩვენ მზად ვიქნებით მის საყიდლად, იმ პირობით, თუკი მათთვის გაკეთებული შეთავაზების გარშემო შეთანხმებას მივაღწევთ.

ჩვენ დიდ პატივს ვცემთ „ატლეტიკოსა“ და მის ხელმძღვანელობას, რომელსაც მრავალი წელია ვიცნობთ, ამიტომ გაგზავნილი შეთავაზება მიგელ ანხელ ხილთან სატელეფონო საუბრით დავადასტურე“.

- განაცხადა ლაპორტამ.

ბოლო ინფორმაციით, ალვარესი ლა ლიგის მომდევნო ტურში მონაწილეობას ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ მიიღებს. რამდენად არის უთამაშებლობის მიზეზი „ჯანმრთელობის პრობლემა“ - ეს თავად განსაჯეთ.

მადრიდულ კლუბს ხულიანის მსგავსი ტოპ მოთამაშის ეს შენახვა, ძალიან ძვირი უჯდება. როცა მსგავს ფეხბურთელს ვერ იყენებ, პრობლემები პირველ რიგში გუნდს ექმნება, შემდეგ კი ფინანსური კუთხითაც ვლინდება. უახლოესი 4-5 დღე ბევრ რამეს გადაწყვეტს. საინტერესოა დათმობს, თუ არა რომელიმე მხარე პოზიციებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები