„ნაპოლიმ ახალი კვარა იპოვა?“ | Gazzetta dello Sport-ი ალისონ სანტოსზე
სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „ტორინოს“ მოუგო (2:1), „პარტენოპეის“ ერთ-ერთი გოლი კი ლისაბონის „სპორტინგიდან“ იჯარით დამატებულმა ალისონ სანტოსმა გაიტანა.
მატჩის შემდეგ გავლენიანმა იტალიურმა გამოცემამ Gazzetta dello Sport-მა ბრაზილიელ შემტევს სტატია მიუძღვნა და ის „ნაპოლის“ ექსფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას შეადარა.
„რაც უფრო მეტს ვხედავთ ალისონ სანტოსისგან მოედანზე, მით უფრო ლეგიტიმურად ჟღერს კითხვა: იპოვა თუ არა მისი სახით „ნაპოლიმ“ ახალი კვარაცხელია? მოედანზე მათი როლი და უნარები თითქმის იდენტურია: კვარა უფრო კარგად ატარებს ბურთს და შეტევის განვითარებისას უფრო ეფექტურია, მაგრამ ალისონი უფრო მოუხელთებელია - თუმცა ეს ყველაფერი დეტალებია.
„ნაპოლიმ“ „ტორინოს“ ბრაზილიელი გარემარბის სისწრაფისა და დრიბლინგის ხარჯზე მოუგო. მასში 3.5 მილიონი ევროა გადახდილი, გამოსასყიდი კი 16.5 მილიონი ევროა - თუ იმით ვიმსჯელებთ, რაც ამ ერთ თვეში ვნახეთ, ალისონი გაცილებით მეტს ფასობს“, - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ იტალიურმა მედიამ „ახალ კვარად“ უკვე არაერთი ფეხბურთელი მონათლა, თუმცა ვერც ნოა ლანგმა, ვერც დავიდ ნერეშმა და ვერც ნოა ოკაფორმა დაკისრებულ ამოცანას თავი ვერ გაართვეს - ახლა ჯერი ალისონ სანტოსზეა. 23 წლის ბრაზილიელის ანგარიშზე 5 მატჩში 2 გოლია.