ჩეფერინი: ფეხბურთმა გაიმარჯვა! მადლობა ალ-ხელაიფის მისი გადამწყვეტი როლისთვის
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა, კმაყოფილება გამოთქვა ევროპის სუპერლიგის საკითხზე „რეალისა“ და უეფას შერიგების გამო.
ოთხშაბათს „რეალმა“ გამოაცხადა უეფასთან და ევროპული კლუბების ასოციაციასთან შეთანხმების გაფორმების შესახებ („ევროპული ფეხბურთის საკეთილდღეოდ“), რითაც სუპერლიგა დატოვა. მანამდე პროექტი „ბარსელონამაც“ დატოვა.
„ძალიან მიხარია, რომ „რეალი“ და „ბარსელონა“ კვლავ შეუერთდნენ ოჯახს. გულახდილად რომ გითხრათ, ყველანი დავიღალეთ ამ დავებით.
გვქონდა გარკვეული უთანხმოებები „რეალის“ პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან, მაგრამ ნება მიბოძეთ განვმარტო: ჩვენ არასდროს დაგვიკარგავს ერთმანეთისა და ფეხბურთის მიმართ პატივისცემა. და კიდევ უფრო ნათლად ვიტყვი: ამ სიტუაციაში ერთადერთი გამარჯვებული ფეხბურთი დარჩა.
დიალოგის ერთი მიმართულებით მოძრაობად გარდაქმნაში გადამწყვეტი როლი „პსჟ“-ს და ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტის ნასერ ალ-ხელაიფის ლიდერობამ ითამაშა, რისთვისაც მას დიდი მადლობა“,
– განაცხადა ჩეფერინმა.