Aa
Aa

საქართელომ რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო!

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში რუმინეთს 25:16 სძლია და "ანთიმოზ ივერიელის" თასიც დაიბრუნა.

ქართველი მორაგბეები რუმინეთთან შეხვედრის დაწყებამდე ჰიმნის შესრულების დროს, მოედანზე მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერათ.

"დინამო არენა" ბოლომდე შეივსო და მატჩის დასაწყისიდანვე "ბორჯღალოსნებმა" უპირატესობა ხელთ იგდეს. სტუმრები შერკინებისას მსაჯმა დააჯარიმა და ქართველმა მორაგბეებმა აუტზე გადატანას ანგარიშის გახსნა ამჯობინეს. ჯარიმა უნაკლოდ სოსო მათიაშვილმა შეასრულა - 3:0.

მე-11 წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება რუმინელებმაც მოიპოვეს და შეხვედრაში წონასწორობა მალევე აღადგინეს - 3:3.

23-ე წუთზე ქართველების მორიგ შეტევას რუმინელთა დაცვის ხაზმა ვეღარ გაუძლო და ლაშა ლომიძემ შეხვედრაში პირველი ლელო დადო.

გარდასახვა ზუსტად სოსო მათიაშვილმა შეასრულა და ანგარიში 10:3 გახდა.

ტაიმის მიწურულს მთავარმა არბიტრმა არასწორი ბოჭვის გამო გიორგი ნემსაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რუმინელებმა კი ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ტაიმი 10:6 დასრულდა.

მეორე ტაიმი "ბორჯღალოსნების" უპირატესობით დაიწყო და 43-ე წუთზე ლელოც დავდეთ.

მოლიდან გამოტანილი ბურთი ლობჟანიძემ ხმალაძეს გადააწოდა, რომელმაც მარჯვენა ფლანგზე ფეხით სიჭინავას ბრწყინვალედ გადაუკიდა და ამ უკანასკნელმაც ყველაფერი იდეალურად შეასრულა. ულამაზესი ლელოს შემდეგ სოსო მათიაშვილმა ზუსტად გარდასახა და ანგარიში 17:6 გახდა.

ამის შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" თამაშზე სრული კონტროლი დააწესეს და ჯარიმის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, რომელიც სოსო მათიაშვილმა ტრადიციულად ზუსტად შეასრულა - 20:6.

მატჩის მიწურულს რუმინელებმა ჯარიმა მოიპოვეს და მოულოდნელად აუტში გადატანის ნაცვლად მისი დარტყმა გადაწყვიტეს და ანგარიში 20:9 გახდა.

შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე ასიეშვილმა მორიგი ლელო დადო. მატიაშვილმა კი კვლავ ზუსტად გარდასახა - 25:9.

მატჩის მიწურულს რუმინელებმა ერთი ლელოს დადება მაინც მოახერხეს. გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს - 25:16.

სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა ჩინებული სანახაობა იხილა. საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად იასპარეზა.

ცხელი ამბები