საქართველო-ბულგარეთის მატჩზე დამატებითი ბილეთები გაიყიდება
7 სექტემბერს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე საშინაო შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება, დამატებითი ბილეთები გაიყიდება.
ნაკრების პრესსამსახურის ცნობით, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის სტადიონის ტევადობის 5% იყო დარეზერვებული, თუმცა ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სტუმარი გუნდის გულშემატკივარისთვის განკუთვნილი სექტორების ათვისება არ მოხდება.
შესაბამისად, მათთვის განკუთვნილი 1-ელი იარუსის მეცხრე და მეათე სექტორები, ასევე მიმდებარედ განთავსებული უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ადგილები სრულად დაბრუნდება გაყიდვაში.
დამატებითი ბილეთების ფასი 40 ლარს შეადგენს. ბილეთების რეალიზება 6 სექტემბერს 12:00 საათზე, BILETEBI.GE-ზე დაიწყება. ბილეთები პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორში, ასევე მეორე იარუსის მე-12 სექტორიდან მე-17-ს ჩათვლით არის განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გუშინ თურქეთთან გამართა და სამწუხაროდ 2:3 დამარცხდა.