ზლატკო დალიჩი
Aa
Aa

ფეხბურთელებთან კონფლიქტი არ მაქვს - დალიჩი პლეი ოფის იმედს არ კარგავს

პირველ ტურში ესპანეთის ნაკრებთან დიდი სხვაობით დამარცხების შემდეგ, ხორვატიის ეროვნული გუნდი გამარჯვებასთან და გულშემატკივრის თვალში რეაბილიტირებასთან ახლოს იყო, თუმცა დალმაციელებმა ალბანელებთან მეორე ტაიმში მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს და კომპენსირებულ დროში გაშვებული ბურთის შემდეგ, გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგეს (2:2). ბუნებრივია, ხორვატების მთავარი მწვრთნელი ზლატკო დალიჩი კმაყოფილი არ იყო, თუმცა ოპტიმისტურ განწყობას მაინც არ კარგავდა.

რა თქვა დალიჩმა

ძალიან რთული დაპირისპირება გამოვიდა, ორი განსხვავებული ხასიათის ტაიმით. დიდი ძალები დავხარჯეთ საიმისოდ, რომ მეტოქის კარში ორი ბურთი გაგვეტანა, თუმცა სამწუხაროდ, მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე ვერ შევინარჩუნეთ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ სხვებზე დამოკიდებულები არ ვართ და ყველაფერი ჩვენს ხელთაა. შესვენებამდე გვიჭირდა და დაცვიდან შეტევაში ნელა გადავდიოდით, რის გამოც მეორე ტაიმში ცვლილებაზე უფრო სწრაფი ფეხბურთელები შევიყვანე. ტყუილია თითქოს მოთამაშეებთან კონფლიქტი მაქვს და ვინმეს თამაშის სურვილი არ აქვს - ასეთ ფაქტებს რომ ჰქონდეს ადგილი, ამდენი ხანი ამ თანამდებობაზე არ ვიქნებოდი.

ზლატკო დალიჩი ხორვატიის ეროვნულ გუნდს 2017 წლის 7 ოქტომბრიდან ამზადებს და მას შემდეგ ყველა ტურნირზე გამართული 86 მატჩიდან გუნდმა 43-ში გაიმარჯვა, 22 ფრედ დასრულდა და 21 წააგო. დალიჩის ხელმძღვანელობით ხორვატებმა 2018 წლის მუნდიალზე ვერცლის, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები