ებიშერის ბრწყინვალე საგოლე პასი და გოლი - შვეიცარიამ ევრო 2024 გამარჯვებით დაიწყო
ევრო 2024-ის A ჯგუფის პირველი ტურის მეორე მატჩში მარკო როსის გაწვრთნილი უნგრეთი შვეიცარიასთან 1:3 დამარცხდა. შვეიცარიელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი მიშელ ებიშერმა შეიტანა, რომელმაც პირველ ტაიმში ჯერ შესანიშნავი საგოლე პასი გააკეთა, ტაიმის მიწურულს კი ლამაზი გოლი გაიტანა.
პირველი ტაიმი მურატ იაკინის გუნდმა კვადვო დუასა და მიშელ ებიშერის გოლებით მოიგო. ებიშერს საგოლე პასით რემო ფროილერი დაეხმარა, ებიშერი და ფროილერი კლუბშიც თანაგუნდელები არიან, „ბოლონიაში’’ ერთად თამაშობენ და მოედანზე ერთმანეთს კარგად უგებენ.
მიშელ ებიშერი პირველი შვეიცარიელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა. დუას გოლისას საგოლე გადაცემა „ბოლონიას’’ 27 წლის საყრდენის აქტივშია.
მეორე ტაიმში უნგრეთს გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ 1 მომენტი გამოიყენა, დომინიკ შობოშლაის ჩაწოდების შემდეგ ბარნაბას ვარგამ თავით შეაგდო. „ფერენცვაროშის’’ 29 წლის თავდამსხმელს გოლის გატანა უფრო ადრეც შეეძლო, როცა შვეიცარიელებმა უმეთვალყურეოდ დატოვეს, მის თავურ დარტყმას სიზუსტე ოდნავ დააკლდა.
უნგრელთა კაპიტანი დომინიკ შობოშლაი 23 წლისააა, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია.
მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე შვეიცარიის ნაკრებმა მესამე გოლი გაიტანა, ცვლილებაზე გამოსულმა ბრელ ემბოლომ უნგრელთა გამოცდილი მცველის, ვილი ორბანის შეცდომა გამოიყენა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
A ჯგუფში პირველ ტურში გერმანიამ და შვეიცარიამ 3-3 ქულა მოიპოვეს, გერმანელებს ბურთების უკეთესი შეფარდება აქვთ და პირველზე არიან. მეორე ტურში გერმანია უნგრეთს შეხვდება (19 ივნისი, 20:00), შოტლანდია - შვეიცარიას (19 ივნისი, 23:00).