სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ორმაგი დუბლი მოქმედ ჩემპიონთან - მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს წლევანდელ სეზონში საუკეთესო შეხვედრა მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ ჩაატარა - „სან ანტონიომ“ „დენვერი“ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ერთქულიანი სხვაობით, 121-120 დაამარცხა, 24 წლის ქართველმა კალათბურთელმა კი მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა.

მამუკელაშვილმა მიმდინარე სეზონში სასტარტოში მესამე შეხვედრა დაიწყო და მთავარი მწვრთნელის გრეგ პოპოვიჩის იმედები ბოლომდე გაამართლა - 30 წუთში მან 21 ქულა, 12 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. მან ცხრიდან ხუთი ორქულიანი, ხუთიდან სამი სამქულიანი და ოთხიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. თორმეტიდან ათ შემთხვევაში სანდრომ მოხსნა დაცვაში თამაშისას შეასრულა, ორჯერ კი შეტევაში. გარდა ამისა ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

მამუკელაშვილის საუკეთესო მომენტები


იყო მომენტი, როდესაც „სპურსი“ 23-ქულიანი სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა ვიქტორ ვემბანიამასა და ქართველის არაჩვეულებრივი ასპარეზობის ხარჯზე ჩამორჩენა გააბათილა. ფრანგმა ვარსკვლავმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და 34 ქულასთან ერთად, 12 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. რაც შეეხება „ნაგეტსის“ ლიდერს, ნიკოლა იოკიჩი თანაგუნდელებს შორის აშკარად გამორჩეული იყო, თუმცა მისმა 22 ქულამ, 12-მა შედეგიანმა გადაცემა და 7-მა მოხსნამ გუნდს გამარჯვება ვერ მოუტანა. 21 მოგებითა და 60 წაგებით „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა და მხოლოდ „პორტლენდს“ უსწრებს. რეგულარულ პირველობასა და შესაბამისად, მთლიანად წლევანდელ სეზონს სანდრო მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები ხვალ „დეტროიტ პისტონზთან“ მატჩით დაასრულებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები