ვლადიმირ ვაისი, ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„უბედნიერესი ვარ! ვულოცავ საქართველოს“ - ვლადიმირ ვაისის კომენტარი

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა და ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა მიულოცა. სლოვაკმა სპეციალისტმა ემოციები რუსულ Metaratings-ს გაუზიარა.

რა თქვა ვაისმა:

რა თქმა უნდა, თამაშს ვუყურე და ძალიან მიხარია, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. შესანიშნავი შედეგია! სანიოლი ძალიან კარგი მწვრთნელია და ჩემი წასვლის შემდეგ გუნდში დიდი საქმე გააკეთა. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ფეხბურთი ძალიან განვითარდა, ამაში დიდი როლი გულშემატკივრებსაც მიუძღვით, ისინი ნაკრებს მხარს წარმოუდგენლად უჭერენ და ეს წარმატება დაიმსახურეს, ძალიან ბედნიერი ვარ! ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავთ, შესანიშნავი. მოკლედ, ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ.

რა შეიცვალა ჩემი წასვლის შემდეგ? ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც შანსი მივეცი, უკვე გაიზარდნენ. გუნდს მეტი გამოცდილება და უფრო დიდი ხარისხი აქვს. შეიცვალა სტილიც... როდესაც კონტრშეტევაზე გადადიან, ამას სწრაფად და ჭკვიანურად აკეთებენ.

სამწუხაროდ, 4 წლის წინ გადამწყვეტ შეხვედრაში ჩრდ. მაკედონია ვერ დავამარცხეთ და მიხარია, რომ ისტორია არ განმეორდა. ფსიქოლოგიურად ძალიან რთული მატჩი იყო. საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებთან ერთად მეც ძალიან ბედნიერი ვარ.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016-2020 წლებში წვრთნიდა და ჩვენმა გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 2020 წლის 12 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ითამაშა, თუმცა, ჩრდ. მაკედონიასთან „დინამო არენაზე“ 0:1 დამარცხდა.

ამჯერად, საქართველოს ნაკრებმა მიზანს ვილი სანიოლთან ერთად მიაღწია და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. ტურნირი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში, პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი: „როდესაც პენალტის დასარტყმელად მივდიოდი, მთელი სტადიონი მღეროდა, ამან კი...“
ქოჩორაშვილი: „როდესაც პენალტის დასარტყმელად მივდიოდი, მთელი სტადიონი მღეროდა, ამან კი...“