ილია თოფურია
Aa
Aa

„სამშობლოში გმირად დაბრუნდა“ - ესპანური მედია თოფურიას ჩამოსვლაზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია დღეს სამშობლოში დაბრუნდა. „მატადორს“ გულშემატკივრებმა თბილისის აეროპორტში გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.

თოფურიას აეროპორტში ათასობით გულშემატკივარი დახვდა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია უცხოურ მედიას. სხვადასხვა სააგენტოები ქართველი გულშემატკივრის ღირსეული დახვედრით აღფრთოვანებულნი არიან.

Mundo Deportivo:

მისი ოჯახი წარმოშობით საქართველოდანაა. თოფურია თავის სამშობლოში გმირად დაბრუნდა. თბილისში მას ათასობით გულშემატკივარი დახვდა და ზოგიერთის ვარაუდით, შეიძლება 5000-ზე მეტიც იყო. თითოეული მათგანი მოთმინებით ელოდა „მატადორის“ თვითმფრინავის დაშვებას.

Marca:

უდავო იყო, რომ თოფურია თბილისში ჩასვლით პირველივე დღიდან შეძლებდა ხალხის ფეხზე დაყენებას. თოფურია თბილისში დღეს დაეშვა და სამშობლოში რამდენიმე დღით გაჩერდება, რათა UFC 298-ზე მიღწეული წარმატება თავის ხალხთან ერთად აღნიშნოს. აეროპორტში მას ათასობით ადამიანი სიმღერებითა და დიდი მხიარულებით დახვდა. ილია თოფურია სამშობლოში უშუალოდ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიწვია. უახლოეს დღეებში, საქართველოს მასშტაბით ბევრ ადამიანს შეხვდება, ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კი საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩზე იქნება, როდესაც „დინამო არენაზე“ ჩემპიონის ქამარს წარადგენს.

El Espanol:

სადაც არ უნდა დადგეს, ილია თოფურია სიგიჟეებს აგრძელებს. UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ვოლკანოვსკისთან გამარჯვების შემდეგ მადრიდში დიდი პატივით მიიღეს, ახლა კი მისი მშობლიური ქვეყანა - საქართველო დახვდა. თოფურია თბილისში ნაშუადღევს დაეშვა და ეს დიდი მოლოდინის ფონზე გააკეთა. აეროპორტში ათასობით ადამიანი ელოდა, რათა თავიანთი კერპი რამდენიმე წამით მაინც ენახათ და მასთან ფოტო გადაეღოთ. მანქანას, რომლითაც „მატადორი“ უნდა წასულიყო, ასობით ადამიანი დაეხვია და დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებდა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი 17 თებერვალს გახდა. საჩემპიონო ბრძოლაში „მატადორმა“ ლეგენდარული ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები