გიორგი ჩაკვეტაძე, ტომ კლევერლი
Aa
Aa

უოტფორდის გამარჯვება - კლევერლიმ ჩაკვეტაძე სასტარტოში ათამაშა

ინგლისის ჩემპიონშიფის 38-ე ტურში „ბირმინგემმა’’ შინ „უოტფორდთან’’ 0:1 დამარცხდა. ახალი მთავარი მწვრთნელის, ტომ კლევერლის ხელმძღვანელობით „უოტფორდმა'' პირველად ითამაშა. ამ გამარჯვებით „უოტფორდის'' 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყდა, 48 ქულით მე-13 ადგილზეა და საუკეთესო ექვსეულს 13 ქულით ჩამორჩება, პრემიერ ლიგაში აღზევების თეორიული შანსი აქვს, თუმცა რეალურად ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა წარმოუდგენლად რთულია.

„სუონსისთან’’ მიღებული მცირე ტრავმის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძეს მატჩი არ გამოუტოვებია, „ბირმინგემთან’’ სასტარტოში იყო, მარცხენა გარემარბად ითამაშა, პირველ ტაიმში აქტიური იყო, მეორე ტაიმში შედარებით პასიური, 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 79-ე წუთზე შეცვალეს.

Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 6,6 დაუწერა. „უოტფორდის'' სასტარტო შემადგენლობიდან ჩაკვეტაძემ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. მისი 34 პასიდან 25 ზუსტი იყო, 1 საკვანძო გადაცემა შეასრულა, მინდორზე 9-დან 3 ორთაბრძოლა მოიგო, კარისკენ დარტყმის 1 მცდელობა ჰქონდა, თუმცა დაუბლოკეს. თამაშის წესი ერთხელ დაარღვია და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ. ასევე, უნდა გამოვყოთ ერთი მომენტი, 29-ე წუთზე ჩაკვეტაძე თანაგუნდელს კარგად გაეხსნა, მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, თუმცა პასი მისი მისამართით არ გააკეთეს.

 

მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა „უოტფორდისთვის’’ ჩემპიონშიფის 31 მატჩში 1 გოლი შეაგდო, მის ანგარიშზე 4 საგოლე პასია.

ამ თამაშის შემდეგ ჩაკვეტაძე საქართველოში გაემგზავრება და ლუქსემბურგთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მოემზადება. კვარაცხელიას დისკვალიფიკაციიდან გამომდინარე მისი როლი, როგორც შემქნელი ტიპის ნახევარმცველის, ძალიან დიდია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს. ნახევარფინალი საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის 21 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ ვითამაშებთ კვარას გარეშე? ჭიაბრიშვილის ანალიზი (ც9)
როგორ ვითამაშებთ კვარას გარეშე? ჭიაბრიშვილის ანალიზი (ც9)