საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რაგბი ევროპის ჩემპიონატი, პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

ერთი დებიუტანტი შემადგენლობაში - კოკერილის არჩევანი ცნობილია

17 მარტს ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-16 ტიტულს პარიზში, „სტად ჟან ბუინზე“ შეუტევენ. 2024 წლის ჩემპიონატის ფინალში საქართველო პორტუგალიას ჩვენი დროით 23:55 საათიდან ერკინება.

რიჩარდ კოკერილმა უკვე დაასახელა 34-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა, რომელშიც 19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა. საქართველოში მყოფი კონტინგენტი ორშაბათს საფრანგეთში ჩავა, სადაც ლეგიონერები შეუერთდებიან და გადამწყვეტი მატჩისთვის მზადება პარიზში გაგრძელდება.

გამოძახებულთა შორის ორი ახალი სახეა. კოკერილის რჩეულთა შორის პირველად მოხვდა „ნევერის“ მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე, რომლის ანგარიშზე 15 კეპია. ბორჯღალოსნების შეკრებაზე პირველადაა ბრივის“ შუამარბი, ვეტერანი ბორჯღალოსნის, გოდერძი შველიძის ვაჟი გიორგი შველიძე, რომელმაც შარშან 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.

რუმინეთთან ნახევარფინალის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა „ტულონის“ ბურჯი ბექა გიგაშვილი. ტრავმის გამო შეკრებაზე არ იქნება მირიან მოდებაძე.

შველიძის გარდა გაფართოებულ შემადგენლობაში კიდევ 4 ისეთი მორაგბეა, რომელთაც ბორჯღალოსნების კვართით ჯერ არ უთამაშიათ: დავით აბდუშელიშვილი, ნიკოლოზ სუთიძე, დემურ ეფრემიძე და ლუკა ხორბალაძე.

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატში ფინალური მატჩები 2023 წლიდან ტარდება და გადამწყვეტ მატჩში საქართველო პორტუგალიას ზედიზედ მეორედ ერკინება. შარშან ბორჯღალოსნებმა მეტოქე ესპანეთში, ბადახოსში 38:11 დაამარცხა. 20-ათასიან „ჟან ბუინზე“ ეს გუნდები მეორედ ითამაშებენ. 2020 წელს, „ლობუშმა“ პარიზში გვიმასპინძლა, სადაც დიდი პორტუგალიური დიასპორაა და საქართველომ 39:24 გაიმარჯვა.

წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ გერმანია დესაუში 28:17 დაამარცხა; ნიდერლანდებს „ავჭალაზე“ 31:10, ხოლო ესპანეთს 38:3 სძლია. პორტუგალია პირველ ტურში ბელგიასთან 6:10 დამარცხდა, თუმცა მერე პოლონეთს 54:7, ხოლო რუმინეთს ბუქარესტში 49:24 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ერთი კვირის წინ, თასის ნახევარფინალში საქართველომ რუმინეთი „მიხეილ მესხზე“ 43:5 დაამარცხა, პორტუგალიამ კი ესპანეთს დაძაბულ ბრძოლაში 33:30 აჯობა.

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა:

შერკინება: გიორგი ახალაძე (ბეზიე), დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), ბექა გიგაშვილი (ტულონი); გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი); თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).

ხაზი: მიხეილ ალანია (ორიაკი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), ვასილ ლობჟანიძე (ტულონი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი); მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი); ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), გიორგი შველიძე (ბრივი); ლუკა ხორბალაძე (ლიონი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).

საქართველოს რაგბის კავშირი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უშანსოდ - საქართველომ რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
უშანსოდ - საქართველომ რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია