გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ზრდას განაგრძობს, მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიუღწევია“ | Super Deporte-ს სტატია მამარდაზე

ვალენსიურმა გამოცემამ, Super Deporte-მ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა და მის მიერ დაფიქსირებულ შედეგზე დაწერა. ლა ლიგის გასულ ტურში, „სევილიასთან“ გამართულ შეხვედრაში, „მამარდამ“ კარი მშრალად შეინახა, პირადი რეკორდი გაიმეორა და Super Deporte სწორედ ამ მიღწევას გამოეხმაურა.

„დონე, რომელსაც გიორგი მამარდაშვილი კარის ხაზზე აჩვენებს, ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია იმისა, რომ ვალენსიას კარგი სეზონი აქვს. ქართველი მეკარე სეზონის მიმდინარეობასთან ერთად პროგრესირებს. გიორგი ლა ლიგაში უკვე ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია, მაგრამ მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიუღწევია. მამარდაშვილის წარმატებულ თამაშს სტატისტიკაც ადასტურებს და სევილიასთან მატჩში, მან მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მერვედ შეინახა, რითაც გასულ გათამაშებაში დაფიქსირებული შედეგი გააუმჯობესა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 13 ტურით ადრე, ქართველ გიგანტს შანს აქვს, პირადი რეკორდი დაამყაროს (გიორგიმ 2021/22 წლების სეზონში გოლი 8 შეხვედრაში არ გაუშვა). ამ მიზნის მიღწევა შესანიშნავი სიახლე იქნება რუბენ ბარახასთვის, ვისი გუნდის წარმატებულ ასპარეზობასაც დაცვითი სოლიდურობა და ქართველი მეკარის მიერ ნაჩვენები კარგი თამაში განაპირობებს. ლა ლიგის ეგიდით გამართულ 25 შეხვედრაში, ვალენსიამ 29 გოლი გაუშვა და ღამურებზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ 6 გუნდს აქვს.

მამარდაშვილის ანგარიშზე კიდევ ერთი ისტორიული მიღწევაა. გიორგიმ ხოსე მანუელ ოჩოტორენას მიღწევა გააუმჯობესა და არის მეკარე, რომელსაც ლა ლიგაში, ჩეს მაისურით, მიყოლებით ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ოჩოტორენას რეკორდის დასამხობად 30 წელიწადზე მეტი აღმოჩნდა საჭირო და ვალენსიას ისტორია ქართველმა მეკარემ დაწერა.

გიორგი მესტალიაზე 2021 წელს გადავიდა და საწყისი პერიოდის შემდეგ, რომლის დროსაც, მისი კონკურენტი იასპერ სილესენი იყო, ხოსე ბორდალასის ნდობა მოიპოვა. ჯენარო გატუზოს მწვრთნელობის დროს, მამარდაშვილი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო და სეზონში, რომელიც დრამით დასრულდა, მისი პროგრესი აშკარა გახლდათ. ბარახასთან ერთად, ის ზრდას განაგრძობს და მისი ჭერი ბევრად მაღალია“, - წერს ვალენსიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 25 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 36 ქულა აქვს და ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის. „ღამურები“ მე-6 პოზიციაზე მყოფ „სოსიედადს“ 4 ქულით ჩამორჩებიან და მომდევნო შეხვედრა 24 თებერვალს, „გრანადას“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას ერთად უნდა დავეხმაროთ“ - დე ლაურენტისმა კალცონას დანიშვნა დაადასტურა
„მას ერთად უნდა დავეხმაროთ“ - დე ლაურენტისმა კალცონას დანიშვნა დაადასტურა