ტიერი ანრი
Aa
Aa

„მთელი კარიერა დეპრესია მქონდა, ახლა კი...“ - ანრი რთულ პერიოდზე საუბრობს

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ The Diary of a CEO-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მთელი კარიერის განმავლობაში დეპრესიას ებრძოდა, თუმცა, ამას გვიან, კოვიდ 19-ის პანდემიის დროს მიხვდა.

რას ამბობს ანრი:

მთელი ჩემი კარიერა დეპრესიაში ვიყავი. რა გავაკეთე ამის წინააღმდეგ? არაფერი. დეპრესიასთან ადავპტირდი და მასთან ერთად ვცხოვრობდი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიტყუებოდი, რადგან საზოგადოება ჩემს მოსასმენად მზად არ იყო.

ყველაფერმა ერთბაშად იფეთქა, განსაკუთრებით კოვიდის დროს. ადრეც ვიცოდი ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ, მაგრამ თავს ვიტყუებდი. თავს ჩემს საფეხბურთო ფორმას ვაფარებდი, მაგრამ როდესაც საფეხბურთო კარიერას ასრულებ, ამ ფორმის უკან დგომას ვეღარ ახერხებ.

ადამიანებს აქვთ ტენდენცია, რომ პრობლემებს გადაჭრის მაგივრად გვერდით დებენ. ვცდილობთ სხვა რამით დავკავდეთ, ყურადღება გადავიტანოთ და პრობლემა თავიდან ავიცილოთ, ან მასზე არ ვიფიქროთ.

როდესაც კოვიდის პანდემია დაიწყო, საკუთარ თავს ვკითხე: „რატომ გარბიხარ, რას აკეთებ?“ თითქმის ერთი წლის განმავლობაში იზოლირებული ვიყავი და შვილებს ვერ ვნახულობდი... მაინცდამაინც ასეთი რამ უნდა მომხდარიყო ჩემს გარშემო, რომ გამეგო რა იყო დაუცველობა, თანაგრძნობა და ცრემლები... უნდა გვესმოდეს, რომ ემოციები ემოციებია, გაბრაზებაც ნორმალურია, მაგრამ არ უნდა გამწარდე. შურიც ნორმალურია, მაგრამ არ არის საჭირო...

პანდემიის დროს თითქმის ყოველდღე ვტიროდი, უმიზეზოდ, ცრემლები მომდიოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ სავარაუდოდ ძალიან დიდი ხნით ვითმენდი. არ ვიცოდი თავი როგორ მეკონტროლებინა და ამას არც ვცდილობდი.

ბავშვობიდან სახლებში, თუ სამსახურებში გვეუბნებოდნენ: „ნუ იქნები ასე, ნუ გამოიჩენ დაუცველობას. ნუ იტირებ, რას იფიქრებენ შენზე?“ დიახ, მე ვტიროდი, მაგრამ სინამდვილეში, ახალგაზრდა ტიერი ტიროდა. ტიროდა იმის გამო, რაც თავის დროზე ვერ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი თავდამსხმელი პროფესიონალური კარიერის დროს „არსენალის“, „ბარსელონას“, „იუვენტუსის“ და კიდევ არაერთი გუნდის ღირსებას იცავდა. კარიერის დასრულების შემდეგ ტიერი ანრიმ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო და თავდაპირველად ბელგიის ნაკრებში, რობერტო მარტინესის ასისტენტი იყო, შემდეგ კი „მონაკოსა“ და MLS-ის კლუბ „მონრეალ იმფაქტის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ახლა კი საფრანგეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები