თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, რეჯიო ემილია
Aa
Aa

შენგელიას 7 ქულა - ვირტუსი რეჯიო ემილიასთან დამარცხდა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „რეჯიო ემილიას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 6 ქულის სხვაობით, 72:66 დამარცხდა.

„ვირტუსის“ ქართველი ლიდერი, თორნიკე შენგელია სტუმართა სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, ლუკა ბანკიმ თოკოს გარკვეულწილად დასვენების შესაძლებლობა მისცა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ქართველმა მძიმე ფორვარდმა პარკეტზე მხოლოდ 16 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში შენგელიამ 7 ქულის ჩაგდება და 2-2 მოხსნა-ასისტის შესრულება მოასწრო. ასევე, ბურთი ოთხჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდა. ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 4-დან 3 საჯარიმო და 5-დან 2 ორქულიანი იყო. ასევე, ერთხელ ჰქონდა პერიმეტრიდან ჩაგდების მცდელობა, რომელიც უშედეგო აღმოჩნდა.

15 ტურის შემდეგ, „ვირტუს ბოლონიას“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 10 მოგება და 5 მარცხი აქვს, რითაც 20 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე დაქვეითდა. თორნიკე შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას ევროლიგაზე გამართავს. 11 იანვარს „ვირტუს ბოლონიას“ მეტოქე თელ-ავივის „მაკაბი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები