ვალტერ მაცარი
Aa
Aa

ვალტერ მაცარის პრესკონფერენცია | რა თქვა იტალიელმა სპეციალისტმა

„ნაპოლის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ პირველი პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტი სადებიუტო შეხვედრას „ატალანტას“ წინააღმდეგ ჩაატარებს და მაცარიმ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა.

„ეს ნაპოლი ყველაზე ძლიერი გუნდია, რომელიც ოდესმე გამიწვრთნია, თუმცა, სიტყვებს უნდა დავუკვირდე, რადგან წუწუნით ცნობილი ადამიანი ვარ. ლუჩანო სპალეტიმ ხელოვნების ნიმუში შექმნა და მისი გუნდის თამაშის ხილვით აღფრთოვანებული ვიყავი. ყველა იტალიელი, ვინც პარტენოპეის თამაშს უყურებდა, იმავეს გრძნობდა და ასეთ ორგანიზაციაში მუშაობა დიდი სიამოვნებაა. როცა მთავარი მწვრთნელი ხარ და ასეთ გუნდს ხედავ, სურვილი გიჩნდება, მისი თავკაცი გახდე. მადლობა პრეზიდენტს, რომელმაც დამირეკა და ვგეგმავ, გუნდში მინიმუმ სეზონის ბოლომდე ვიმუშაო.

როგორ კონდიციებში იმყოფება გუნდი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად? დავიბადე იმისთვის, რომ ვიტანჯო (იცინის). დღეს, ზამბო ანგისა პირველად ვნახე და ველაპარაკე ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდს ახლახან შემოუერთდნენ. გავაკეთე ის, რაც გამოცდილებამ მასწავლა და ვფიქრობ, მოთამაშეებმა გაიგეს, რის თქმა მინდოდა.

ვიქტორ ოსიმენი? ის შესანიშნავი ბიჭია. მხიარული ადამიანია და ეტყობა, რომ მხოლოდ პირადი წარმატება არ ადარდებს. გუნდთან ერთად გამარჯვებების მოპოვება უნდა და თუ დამატებითი სირბილი ან რაღაც ზედმეტია საჭირო, ის პირველია, ვინც ამას აკეთებს. ბედნიერი ვარ, რომ იგი ტრავმის შემდეგ გუნდს უბრუნდება.

რა მიზნები მაქვს? ფეხბურთში 23 წელია ვმოღვაწეობ და ვნახე, რა დაემართა იუვენტუსს ჩემპიონობების შემდეგ. დიდი ცოდნა მივიღე, თუმცა, ბოლო 3-4-5 წელიწადში ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა. ფსიქოლოგიურ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა მიენიჭა და ამან ყველაფერი გაართულა. როგორც აღვნიშნე, ჩემი გამოცდილების წყალობით, შეგვეძლება დავინახოთ საფრთხეები საიდან მოდის და ყველას და ყველაფერს სათანადოდ დავაფასებთ.

რა ტაქტიკით ვითამაშებთ? 4-3-3 თუ 3-მცველიანი სქემა? იმ მწვრთნელთა შორის ვარ, რომლებიც კოვერჩანოში სწავლობდნენ და შემიძლია, გუნდი ნებისმიერი ტაქტიკით ვათამაშო. 1-წლიანმა პაუზამ ჩემზე დადებითად იმოქმედა და დიდი ცოდნა მივიღე. პროგრესს მივაღწიე და ვფიქრობ, ვიცი, ფეხბურთელებს ნებისმიერი სათამაშო სქემა როგორ მივაწოდო. თამაშიდან თამაშამდე ვნახავთ, რა მოხდება და ამ მომენტისთვის, ვერ გეტყვით, რომელ ტაქტიკას ავირჩევთ. ნაპოლიმ იტალიაში და ევროპაში შოუ უნდა დადგას და პირველი, რაზეც ვფიქრობ, იმ ფეხბურთის ჩვენებაა, რომელიც პარტენოპეიმ იცის და უნდა აჩვენებდეს.

სკუდეტო? როცა გუნდში მისთვის რთულ მომენტში მოდიხარ, ასეთ დიდ მიზნებს ვერ დაისახავ. ენთუზიაზმი და განწყობა უნდა ავიმაღლოთ და კონკრეტულ თამაშზე გავაკეთოთ აქცენტი. ხვალ, ატალანტასთან რთული შეხვედრა გველის. მეტოქე ფიზიკურად ძლიერი გუნდია და შეტევა უყვარს. ხმამაღალი განცხადებების გაკეთება არაფერს მოგვცემს. ატალანტასთან მატჩი გამოცდაა და მოდით, გამარჯვებით დავიწყოთ“.

შეგახსენებთ, რომ 12 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს. „ატალანტას“ ანგარიშზე 20 ქულაა და „ლა დეა“ მე-5 გახლავთ. ამ გუნდების მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გენიოსს თავისუფლება სჭირდება - რაზე ესაუბრა მაცარი ხვიჩას
გენიოსს თავისუფლება სჭირდება - რაზე ესაუბრა მაცარი ხვიჩას