ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

ილია: „ვოლკანოვსკის ბევრი სუსტი წერტილი არ აქვს, ემეტს ყველაფერში ვჯობივარ“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ CBS Sports-ის ჟურნალისტს, შაკილ მაჰჯურის ინტერვიუ მისცა. „ელ მატადორმა“ ჯოშ ემეტთან გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკელს მასთან შანსი არ აქვს.

ბრაის მიტჩელთან ჩხუბზე

„მიტჩელთან ჩხუბამდე, ყველა ამბობდა, რომ ბრაისი პარტერში ძალიან მაგარი იყო და ძლიერი გრეპლინგი ჰქონდა. ვერ ვხვდებოდი, რა ჯანდაბას გულისხმობდნენ. პარტერში ჩხუბს ბავშვობიდან ვსწავლობდი და 20 წლის ვიყავი, როცა შავი ქამარი ავიღე. ჩემთვის პარტერში ყოფნა, იგივეა, ზვიგენი წყალში იყოს. ჩემს ბოლო ბრძოლაში დავამტკიცე, რომ ყველა ცდებოდა და მიტჩელი მტკივნეული ილეთით დავაფინიშე“.

სამომავლო გეგმებზე თუ ჯოშ ემეტს დაამარცხებს

„საჩემპიონო ჩხუბის მიღების მთავარი კანდიდატი გავხდები. მომდევნო ბრძოლაში გავიბრწყინებ, ჯოშ ემეტს დავამარცხებ და საჩემპიონო ჩხუბის მიღების მთავარი კანდიდატი გავხდები. არის ვინმე, ვინც სატიტულო ბრძოლას ჩემზე მეტად იმსახურებს? ალექსანდრ ვოლკანოვსკის რაც შეეხება, მას ბევრი სუსტი წერტილი არ აქვს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი სწორედ ამიტომაა, მაგრამ ვიცი, რომ ოქტაგონზე ჩემს უნარებს ვერ გაუმკლავდება. ახალ თაობას რაღაც სიახლე ყოველთვის მოაქვს და ვფიქრობ, მასზე ბევრად უკეთ ვჩხუბობ. ჩემი აზრით, pound for pound რეიტინგში პირველ ადგილზე ჯონ ჯონსი უნდა იყოს. სანამ ბონსი კარიერას არ დაასრულებს, ნომერ პირველი უნდა იყოს. ის ამას ნამდვილად იმსახურებს“.

ემეტთან ჩხუბზე

„ყველა კომპონენტში ემეტზე ძლიერი ვარ და სულერთია, ბრძოლა სად წარიმართება. მასზე ახალგაზრდა ვარ, წარმატებას მეტად ვარ მოწყურებული, მასზე სწრაფი ვარ, მასზე ძლიერი ვარ, უფრო ძლიერი დარტყმა მაქვს და ა.შ. ხალხს ჰგონია, რომ ამ ჩხუბისთვის მხოლოდ მოსამზადებელი კემპისას ვემზადებოდი, მაგრამ ესაა ბრძოლა, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ველოდებოდი და იგივე ეხება სატიტულო დაპირისპირებას“.

პედი პიმბლეტთან ჩხუბზე

„პედი ტოპ 15-შიც კი არ იმყოფება. რატომ უნდა ვეჩხუბო? რა აქვს? ინსტაგრამისა და იუთუბის გამომწერები?! თუ გადავწყვეტ, რომ პოპულარულ მებრძოლს ვეჩხუბო, ბევრი ბიჭია, ვინც მასზე ბევრად პოპულარულია. ასე რომ, ის ბავშვი აღარ მაინტერესებს. თუ პიმბლეტი ტოპ 15-ში შევა, რამდენიმე ბრძოლას მოიგებს და UFC-ი მასთან დაპირისპირებას შემომთავაზებს, შეიძლება, ვეჩხუბო. სულერთია, რომელ წონით დივიზიონში შევხვდებით. მასთან ბრძოლისას წონითი დივიზიონი არ მაინტერესებს. თუ უნდა, წონა საერთოდ არ დააფიქსიროს ან მძიმეწონოსანი მებრძოლივით გამოიყურებოდეს, მაინც პირველ რაუნდში დავანოკაუტებ“.

ვის აქვს ყველაზე ძლიერი დარტყმა

„პირველ ადგილზე ჩემს თავს დავაყენებდი. მეორე ალბათ, ფრენსის ნგანუა, მესამე კი ფიოდორ ემელიანენკო. ჯოშ ემეტი? მას ასეულშიც არ შევიყვანდი“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ბოლო ბრძოლა 2022 წლის დეკემბერში, ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ვადაზე ადრე, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. MMA-ში ქართველი მებრძოლის ბალანსი 13:0-ზეა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-9 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: „მესმის ეს რთულია, მაგრამ ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს“
სანიოლი: „მესმის ეს რთულია, მაგრამ ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს“