გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ფანტასტიკური მამარდაშვილი“ - Super Deporte ვალენსიას ქართველ მეკარზე წერს

ესპანური გამოცემა, Super Deporte „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა. Super Deporte-მ „რეალთან“ გამართულ მატჩზე ისაუბრა, რომელიც „ჩემ" 1:0 მოიგო და განაცხადა, რომ „მამარდამ“ ბრწყინვალე თამაში აჩვენა.

„ვალენსიასა და რეალის მატჩს ბევრი მთავარი გმირი ჰყავდა. ვინისიუსითა და ანჩელოტით დაწყებული, გოლის ავტორი დიეგო ლოპესით დამთავრებული. ღამურებისა და სამეფო კლუბის შეხვედრას საკამათო მომენტებიც ახლდა, რომლებმაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, გიორგი მამარდაშვილის თამაში გადაფარეს. ქართველმა მეკარემ ვალენსიას გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და კლუბს უმაღლეს დივიზიონში დარჩენა პრაქტიკულად გაუნაღდა.

მატჩისას იყო მონაკვეთები, როცა ბარახას გუნდი რეალს სჯობდა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს, თეთრებმა ინიციატივა ხელთ იგდეს და სახიფათო მომენტები შექმნეს. სწორედ ამ დროს, სცენაზე ფანტასტიკური მამარდაშვილი გამოჩნდა და კარლო ანჩელოტის გუნდის ყველა შეტევა მოიგერია. განსაკუთრებით ფედე ვალვერდეს წინააღმდეგ გაფორმებული სეივი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც ტურის საუკეთესო გახდა. ურუგვაელმა ბურთი იქ გაგზავნა, სადაც მეკარეებს სერიოზული პრობლემა ექმნებათ ხოლმე, თუმცა მამარდაშვილმა ოსტატური პერფორმანსი შემოგვთავაზა და აჩვენა, რომ დაულაგებელი სეზონის მიუხედავად, რთულ მომენტებში არ უჩინარდება და უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად ბრძოლაში თავისი წვლილი შეაქვს.

რამდენიმე წუთის შემდეგ, გიორგიმ ტონი კროოსის დარტყმა აიღო. მართალია, ეს ისეთივე შთამბეჭდავი სეივი არ ყოფილა, მაგრამ ამ მოგერიებით თამაში მოკლა და ვალენსიას გამარჯვება დიდწილად სწორედ მისი დამსახურება იყო. უნდა ვახსენოთ, რომ მამარდაშვილი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვალენსიას ბოლო რამდენიმე მატჩშიც იყო. სელტას წინააღმდეგ, მან მეტოქის შეტევები გააჩერა, ხოლო ვილიარეალთან საიმედო გახლდათ“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 25 მაისს, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაიო ვალეკანოსთან ითამაშებს - ვინისიუსს წითელი ბარათი გაუუქმეს
რაიო ვალეკანოსთან ითამაშებს - ვინისიუსს წითელი ბარათი გაუუქმეს