ჩელსი, დორტმუნდი, ჩემპიონთა ლიგა
Aa
Aa

ჩელსი VS დორტმუნდი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „ჩელსი“ „დორტმუნდს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„ჩელსი“

„არისტოკრატებმა“ ხასიათი ოდნავ გამოიკეთეს. პრემიერ ლიგის ბოლო ტურში „ლურჯებმა“ „ლიდსს“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. მოგეხსენებათ, „ჩელსი“ მიმდინარე სეზონში საშინელ ფორმაშია და მაღალი მიზნებისთვის პრემიერ ლიგაში ვერ იბრძვის.

გრეჰემ პოტერის გუნდს 25 ტურის შემდეგ, 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე იმყოფება.

დანაკლისი:

გრეჰემ პოტერს „დორტმუნდის“ წინააღმდეგი ტრავმების გამო კანტე, მადუეკე, მენდი, მაუნთი და ტიაგო სილვა არ ეყოლება. ობამეიანგს თამაშის უფლება არ აქვს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პულიშიჩის, ასპილიკუეტას და რის ჯეიმსის თამაში.

რა თქვა პოტერმა მატჩის წინ ?

„ეს არის დიდი მატჩი! საინტერესო თამაშს ველოდები. ვფიქრობ, „სტემფორდ ბრიჯზე“ განსაკუთრებული საღამო იქნება და ამას ყველა მოუთმენლად ველით. დადებითად ვართ განწყობილი და თამაშის მოგებას ვაპირებთ. „დორტმუნდი“ ფანტასტიკური გუნდია და შესანიშნავ ფორმაშია. „ბორუსია“ ბუნდესლიგაში ყველა თამაშს იგებს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს.

იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ვართ, ზეწოლა ნამდვილად დიდი მოდის. მიუხედავად ამისა, შესანიშნავი შანსი გვაქვს, რომ საუკეთესო 8 გუნდისთვის ვიბრძოლოთ. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩი „ჩელსისთვის“ და მისი გულშემატკივრებისთვის. წინ დიდი გამოწვევა გველის.“

„დორტმუნდი“

გერმანული კლუბი შესანიშნავ ხასიათზეა. ტერზიჩის შეგირდები ბუნდესლიგაში თამაშს თამაშზე იგებენ და მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთნაირი ქულებით პირველ/მეორე ადგილს ინაწილებენ.

ბუნდესლიგის გასულ ტურში „დორტმუნდმა“ „ლაიპციგს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

დანაკლისი:

ამ მხრივ არც „დორტმუნდს“ აქვს საქმე კარგად. ტერზიჩის განკარგულებაში ადეიემი, კამარა, კობელი, მალენი, რაიერსონი და მუკოკო არ იქნებიან.

რა თქვა ტერზიჩმა მატჩის წინ?

„ხვალინდელი მატჩის შემდეგ, გვინდა, რომ ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის ვიყოთ. სახლში გამარჯვება გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს, მაგრამ ამით არაფერი გადაწყვეტილა. „ჩელსი“ დიდებული გუნდია, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

ახლა ლონდონელები კარგ ფორმაში არ არიან, მაგრამ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვართ და აქ დასაკარგი არავის არაფერი აქვს. ინტენსიურ თამაშს ველოდები. მატჩის ბედს მცირე დეტალები გადაწყვეტს.“

ამ გუნდების პირველი მატჩი

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება გერმანიაში გაიმართა და მიუხედავად დიდი უპირატესობისა „დორტმუნდმა“ კევინ ადეიემის ერთადერთი გოლით გაიმარჯვა. შემდეგი მატჩი კი 7 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები