კილიან მბაპე
Aa
Aa

„ჩემი თამაში ბოლომდე საეჭვო იყო“ - მბაპე ბაიერნთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარიზული გუნდის თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ განვლილი მატჩი შეაფასა:

რა თქვა მბაპემ:

არ უნდა დავივიწყოთ, რაც მატჩის ბოლოს მოხდა. წავაგეთ, მაგრამ დავინახეთ, რომ მეტოქისთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია. საპასუხო მატჩში მოედანზე მხოლოდ ერთი მიზნით გავალთ - ეს შემდეგ ეტაპზე მოხვედრა იქნება.

რაც შეეხება ჩემს თამაშს, სიტუაცია არაპროგნოზირებადი იყო და ეს დაგეგმილი არ ყოფილა, მაგრამ ძალიან მინდოდა მეგობრებს დავხმარებოდი. ამაზე დღე და ღამე ვმუშაობდით.

მნიშვნელოვანია, რომ საპასუხო მატჩისთვის გუნდში ყველა ჯანმრთელი იყოს, სწორად ვიკვებოთ და კარგად გამოვიძინოთ. როდესაც მოედანზე მთელი ძალით ვართ და შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, მეტოქეც თავს არაკომფორტულად გრძნობს. მატჩის ბოლოს დავინახე, რომ დაბრუნება შეგვიძლია.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრამდე 2 კვირით ადრე, კილიან მბაპემ „მონპელიესთან“ სათასო შეხვედრაში კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც მისი „ბაიერნთან“ თამაში ფაქტობრივად გამორიცხული იყო. ამის მიუხედავად, ფრანგმა შემტევმა აქტიური მუშაობის შემდეგ გამოჯანმრთელება მაინც მოასწრო და მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისიდან გამოჩნდა. შეხვედრის მიწურულს მბაპემ „ბაიერნის“ კარში გოლიც გაიტანა, თუმცა ვარ-ზე გადამოწმების შემდეგ „რეკორდემისტერის“ კარში გატანილი ბურთი გაუქმდა.

გუნდებს შორის, 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა 9 მარტს, მიუნხენში გაიმართება. მატჩი საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები