ემილიანო სალა 4 წლის წინ გარდაიცვალა - კარდიფმა სატრანსფერო თანხის ნაწილი ახლა გადაიხადა
„კარდიფმა“ „ნანტს“ ემილიანო სალას ტრანსფერის სანაცვლოდ გადასახდელი 15 მილიონი გირვანქა სტერლინგის ნაწილი ჩაურიცხა. ეს ინფორმაცია ბრიტანულ პრესაში, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა და დაიწერა, რომ ფრანგულმა კლუბმა დაახლოებით 7 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო.
უელსური კლუბი სალას გამოსასყიდი თანხის გადახდაზე უარს აცხადებდა, რის გამოც, ფიფამ 3 სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, გარიგებების დადება აუკრძალა. „კარდიფში“ იმედი აქვთ, რომ 7 მილიონის გადახდის შემდეგ, ფიფა სანქციებს მოხსნის და ტრანსფერების განხორციელება შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ „კარდიფის“ თქმით, სალა უელსური კლუბის ფეხბურთელი ოფიციალურად არ გამხდარა და სატრანსფერო თანხის დაფარვაზე უარს ამიტომ ამბობდა. უფრო მეტიც, უელსელთა მაშინდელი თავკაცის, ნილ უორნოკის განცხადებით, სალას ტრაგედია რომ არ მომხდარიყო, მისი გოლების დახმარებით, კლუბი პრემიერ ლიგიდან არ გავარდებოდა. „კარდიფმა“ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა და „ნანტისგან“ 80 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოითხოვა. ეს ის თანხაა, რომელიც კლუბმა პრემიერ ლიგიდან გავარდნის გამო დაკარგა, მაგრამ „კარდიფმა“ სასამართლო პროცესი ვერ მოიგო.
ცნობისთვის, არგენტინელი ფეხბურთელი ტრაგიკულად 2019 წლის იანვარში გარდაიცვალა. თვითმფრინავი, რომლითაც ემილიანო სალა მგზავრობდა, 21 იანვარს გაუჩინარდა. არგენტინელი ფეხბურთელისა და პილოტის, დევიდ იბოტსონის პოვნას მაშველები ორი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ. ორკვირიანი, უწყვეტი ძებნის შემდეგ, ტრაგედია დადასტურდა - ლა მანშის სრუტეზე თვითმფრინავის ნაწილები და ფეხბურთელის ცხედარი იპოვეს.