„თუ გმირობა გაიმეორეს, თბილისში ჩასვლა მოგვიწევს“ - Telegraph-ი ბორჯღალოსნებზე
Aa
Aa

„თუ გმირობა გაიმეორეს, თბილისში ჩასვლა მოგვიწევს“ - Telegraph-ი ბორჯღალოსნებზე

უელსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს რაგბის ნაკრებზე ბევრი დაიწერა და რამდენიმე საათის წინ, „ბორჯღალოსნებს“ სტატია ავტორიტეტულმა Telegraph-მაც მიუძღვნა. მასში საქართველოს გეგმაზეა საუბარი, რომლის მიზანიც გახლავთ ის, რომ უელსთან გამარჯვება ერთეულ გამონაკლისად არ დარჩეს.

„2022 წელს, საქართველოს ორი ეიფორიული საღამო ჰქონდა. რას უნდა გაუფრთხილდნენ ბორჯღალოსნები და როგორ უნდა იქცნენ საერთაშორისო ასპარეზზე დომინანტ ძალად? კარდიფის ყოფილ კაპიტანს, პოლ ტიტოს, რომელიც ამჟამად საქართველოს ნაკრების თავკაცის ასისტენტია, ამაზე მარტივი პასუხი აქვს.

„მერაბ შარიქაძემ ამ საკითხზე პირდაპირ ისაუბრა. ჩვენ ტიერ ერთის გუნდებთან რეგულარული მატჩები გვჭირდება. იტალიასთან და უელსთან დავამტკიცეთ, რომ არსებული წესრიგის შეცვლა შეგვიძლია და ჩვენი მიზანი მაღალი დონის გუნდებთან სისტემატური თამაში გახლავთ. ექვს ერში შესვლა შესანიშნავი იქნებოდა. ქართული რაგბი აღზევების გზაზეა და მიხარია, მისი ნაწილი რომ ვარ. იტალიასთან მატჩის შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა მოკლედ განვიხილეთ, რა გზით გვინდოდა სიარულის გაგრძელება. საინტერესოა, უელსთან ჯახის შემდეგ, ლევან მაისაშვილს რა იდეები გაუჩნდა. ფაქტია, მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა მეტოქე სერიოზულად აღგვიქვამს და ისეთ როტაციას არ მიმართავს, როგორსაც ადრე მიმართავდნენ. ისინი მთელი სერიოზულობით მოგვეკიდებიან და იციან, რომ თუ ჩვენი დღეა, ძალიან კარგი გუნდი ვართ“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე და ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ალავიძე ამავე აზრზე არიან. ეს დუეტი არ ელოდება, რომ საქართველო ექვსი ერისგან მოწვევას უახლოეს მომავალში მიიღებს, მაგრამ სურს, ვითარება შეიცვალოს თუ „ბორჯღალოსნებმა“ უფრო მეტი ტოპ ნაკრები დაამარცხეს. მათ ურჩევნიათ, ტურნირი გაფართოვდეს, ვიდრე ექვს ერში იტალიის ნაცვლად შევიდნენ, თუმცა საქართველოში უკმაყოფილო იქნებიან თუ მათ ნაცვლად ექვს ერში სამხრეთ აფრიკას მიიღებენ.

„თუ იტალიას გააგდებენ, იტალიურ რაგბს რეგრესი ექნება. ერთი ან ორი გამარჯვება ჩვენს მომავალს არ განსაზღვრავს. უნდა ვიმუშაოთ, ვიმუშაოთ და ვიმუშაოთ და დავამტკიცოთ, რომ მიზნის მიღწევა შეგვიძლია. თუ ექვსი ერი ცვლილებისთვის მზადაა, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. ვიცი, რომ ისინი გვაკვირდებიან, მაგრამ ვხვდები, რომ ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული გადმოსახედიდან, უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რათა მეტი სტაბილურობა ვაჩვენოთ. 14 წელია, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობთ და ყოველთვის პირველ ადგილზე გავდივართ. 14 წელია ასეა და 100-0-ს, 80-0-ს ან მსგავს ანგარიშებს ვხედავთ. კონკურენცია არ არსებობს და თუ ექვს ერში სამხრეთ აფრიკა შეიყვანეს, ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ“, - ამბობს ტყემალაძე.

ტყემალაძე და ალავიძე კარდიფში იმყოფებოდნენ, ლონდონში კი 2 დღე გაატარეს. ისინი მსოფლიო რაგბის ვიცე პრეზიდენტს, ბერნარდ ლაპორტსა და უელსის რაგბის ფედერაციის აღმასრულებელ პირებს შეხვდნენ, რათა ინფორმაცია მიეღოთ. ორი თვის წინ, მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა, ბილ ბომონმა საქართველოში დელეგაცია გაგზავნა, რათა ტყემალაძეს, ალავიძესა და რაგბის კავშირის სხვა წევრებს შეხვედროდნენ. მათ შორის კონსტრუქციული მოლაპარაკებები გაიმართა და მხარეები სპეციალური საბჭოს შექმნაზე შეთანხმდნენ. საქართველოს რაგბის კავშირისა და რაგბის მმართველი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები დეკემბერში გაგრძელდება. ტყემალაძეს და ალავიძეს მიაჩნიათ, რომ ქართული რაგბის წარმატების საწინდარი საკლუბო სისტემის გაძლიერებაა. შავმა ლომმა ევროპის სუპერ თასზე და კარის თასის პირველ დივიზიონში უკვე ითამაშა და იანვარში ოფიციალური შეხვედრა გაიმართება, რათა გადაწყდეს, მომდევნო სეზონში მონაწილეობას რომელ ტურნირზე მიიღებს.

ტყემალაძე და ალავიძე მიესალმებიან თბილისში ინგლისის ნაკრების ჩამოსვლის იდეას, მაგრამ პარიზთან და რომთან შედარებით, საქართველოს დედაქალაქში განსხვავებული გარემოა. ტყემალაძისა და ალავიძის აზრით, ეს არასწორი მოსაზრებაა.

„როცა საქართველოში ჩამოხვალთ, ყველა პასუხს მიიღებთ. ახლახან, თბილისი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ დანიშნულებად დასახელდა. მსოფლიოში საუკეთესო ღვინო საქართველოში იყიდება და როგორც კი ქართულ კერძებს გასინჯავთ, ჭამას ვერ შეწყვეტთ. აქ ყველაფერი ბუნებრივი და იაფია, სტუმართმოყვარეობა კი ჩვენს გულში და სულშია. მეტოქე გუნდის ქომაგების მასპინძლობის კარგი გამოცდილება გვაქვს. შოტლანდიასთან მატჩისას 1000-მდე შოტლანდიელი გულშემატკივარი მივიღეთ და თამაშის დღეს, ისინი შეხვედრაზე კი არ წავიდნენ, პაბებსა და ბარებში დარჩნენ, რადგან ლუდი იაფი ღირდა და უგემრიელესი საჭმელი იყო! მათ ამ ადგილების დატოვება უბრალოდ არ უნდოდათ! ჩემი არ გჯერათ? ჩამოდით და ნახავთ!“, - აცხადებს ტყემალაძე.

თუ საქართველომ ასე განაგრძო და კარდიფში ჩადენილი გმირობა გაიმეორა, ვინ იცის, შეიძლება, თბილისში ჩასვლა მართლა მოგვიწიოს“, - დასძენს Telegraph-ი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა უელსი 13-12 დაამარცხა და მსოფლიო რაგბის რეიტინგში ერთი ნაბიჯით დაწინაურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta ხვიჩაზე: სოციალურად აქტიური არაა, მაგრამ მალე მილიონ გამომწერს მიაღწევს
Gazzetta ხვიჩაზე: სოციალურად აქტიური არაა, მაგრამ მალე მილიონ გამომწერს მიაღწევს