კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

რონალდუს ეპოქა სრულდება? - ტენ ჰაგმა მკაფიო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

შეუძლებელია კლუბის პროგრესი, სანამ რონალდუ „ოლდ ტრაფორდზე“ რჩება.. ერიკ ტენ ჰაგს მკვეთრი ქმედებები სჭირდება.

„ვფიქრობ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ რონალდუს მიმართ უპატივცემულოდ იქცევა“

- განაცხადა როი კინმა მანჩესტერული დერბის შემდეგ

„ასევე ვფიქრობ, რომ კრიშტიანუ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უნდა გაეშვათ. მწვრთნელმა ის შეაჩერა.. ტენ ჰაგს ვარიანტები სჭირდებოდა, მაგრამ რონალდუ არ არის ის მოთამაშე, რომელიც სკამზე უნდა დასვა.“

როი კინს პორტუგალიელი ვარსკვლავი ძალიან უყვარს და მას გვერდში უდგას, თუმცა ერთ რამეში ნამდვილად მართალია. ვეტერანი თავდამსხმელი ზაფხულში უნდა გაეყიდათ..

არსებობს აზრი, რომ კრიშტიანუ „წითელ ეშმაკებში“ სწორედ ნიდერლანდელი სპეციალისტის თხოვნით დარჩა. ახლა კი, როცა მას სათადარიგოთა სკამზე ვხედავთ, ტენ ჰაგის მიმართ სიმპათიები ყველას უქრება.

5 ოქროს ბურთის მფლობელმა, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 24 გოლი გაიტანა, მაგრამ მის „მანჩესტერში“ დაბრუნებას ჯერ სულშერი შეეწირა, შემდეგ რალფ რანგნიკი. მეტიც, გერმანელი სპეციალისტი კლუბში მხოლოდ იმის გამო დაასაქმეს, რომ სულშერი დროებით შეეცვალა. ეს ყველაფერი კი განვითარებას ხელს უშლის.

ეფექტური კონტრ-შეტევითი ტაქტიკა რონალდუსთვის და მისი ინსტიქტებისთვის იდეალური იყო, მაგრამ ამ სისტემას თანაგუნდელების მაღალი ხარისხიც სჭირდება, რაც ხშირ შემთხვევაში ვერ ვიხილეთ. იგივე პრობლემა იყო „იუვენტუსშიც“. „ბიანკონერი“ მასზე აეწყო და თანაგუნდელებმა მწვრთნელების დავალებები ბოლომდე ვერ შეასრულეს. კრიშტიანუმდე ბურთი იშვიათად მიდიოდა.

სიტუაცია შეიცვალა. გულშემატკივრები რონალდუს ყოველთვის ამართლებდნენ, მაგრამ დღეს ასე აღარ არის..

პატივისცემა ორმხრივი უნდა იყოს. 37 წლის თავდამსხმელმა კი უპატივცემულობა გუნდის, თანაგუნდელების, მწვრთნელის და გულშემატკივრების მიმართ რამდენჯერმე გამოავლინა.

ჯერჯერობით პირველად და უკანასკნელად ტენ ჰაგმა პრემიერ ლიგაში რონალდუ ძირითად შემადგენლობაში „ბრენტფორდის“ წინააღმდეგ დააყენა, რომელიც „იუნაიტედმა“ 0:4 წააგო. მატჩის შემდეგ, ის უსიტყვოდ გაემართა გასახდელისკენ და მწვრთნელს ხელიც კი არ ჩამოართვა.

ამის შემდეგ, რონალდუმ ნაკრებში ითამაშა და ვერც იქ გაიბრწყინა, თუმცა გაზეთების გარეკანზე მაინც ხვდებოდა..

მანჩესტერული დერბის დროს, კამერებმა დააფიქსირეს, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი უკმაყოფილოდ იქნევდა თავს და მატჩის მიმდინარეობს ემოციურად განიცდიდა. ეს ნორმალურია..

ის არის სერიული გამარჯვებული, მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე, რომელიც დილის 4 საათზე ყინულის აბაზანებს იღებს, რათა ფიზიკურად იდეალურად მოემზადოს..

კარიერის განმავლობაში სტადიონზე და მის მიღმაც არაერთხელ დაამტკიცა თავისი დიდებულება. რიო ფერდინანდმა ღიად განაცხადა:

„დარწმუნებული ვარ, ახლა ის ძალიან უკმაყოფილო და გაბრაზებულია. არავის შეუძლია იმის გაკეთება, რაც მან ამ წლების განმავლობაში გააკეთა. კრიშტიანუს ადგილზე არცერთი სხვა ფეხბურთელი არ დათანხმდებოდა იმ გუნდში თამაშს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არ არის.“

ტენ ჰაგის უკანასკნელი ახსნაც იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიყვანა რონალდუ „სიტის“ წინააღმდეგ არასერიოზულია. ნიდერლანდელმა განაცხადა, რომ 4:0-ზე რონალდუს თამაშში ჩართვა მისი კარიერის უპატივცემულობა იქნებოდა..

საინტერესო ის გახლავთ, რომ წინ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაა და შესაძლოა კრიშტიანუ მაინც წავიდეს გუნდიდან. წავიდეს იქ, სადაც ჩემპიონთა ლიგაზე შეძლებს თამაშს. კიდევ უფრო საინტერესო ის გახლავთ, რომ ზაფხულში რონალდუს „ბაიერნში“, „ჩელსიში“ და „ატლეტიკოში“ სურდა გადასვლა, მაგრამ სამივე კლუბმა უარით გაისტუმრა.. შესაძლოა ახლაც იგივე მოხდეს..

შესაბამისად, „იუნაიტედს“ შეიძლება სხვა გზა არ ჰქონდეს გარდა იმისა, რომ რონალდუ სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს.

შეძლებს ტენ ჰაგი სიტუაციის დალაგებას ისე, რომ შედეგიც გამოასწოროს და რონალდუც განაწყენებული არ იყოს?

4-მატჩიანი მოგებათა სერია „სიტისთან“ წაგებულმა თამაშმა გააუფერულა. წაგებასაც გააჩნია.. „წითელი ეშმაკები“ უშანსოდ დამარცხდნენ და ყველაზე მტკივნეული სწორედ ეს არის.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ტენ ჰაგს ძირითადად რონალდუზე ეკითხებოდნენ და შემადგენლობის სწორად შერჩევა დაუწუნეს. ეს ხმაური იქამდე გაგრძელდება, სანამ ვეტერანი თავდამსხმელი გუნდში იქნება. შესაძლოა მისმა სათადარიგოთა სკამზე დატოვებამ ასეთი მარცხიც კი გადაფარა..

როი კინმა ისიც განაცხადა, რომ „მანჩესტერის“ სიტუაცია კიდევ უფრო მახინჯი გახდება, თუ რონალდუ რეგულარულად აღმოჩნდება სკამზე..

ევროპის ლიგაზე თამაში დამამშვიდებელი ვერანაირად ვერ იქნება, როცა რონალდუ მთელი კარიერა ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავდა.

მკვეთრი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო..

ბრიტანულ მედიაში ის ამბავიც გაჟღერდა, რომ შესაძლოა კლუბმა კრიშტიანუს კონტრაქტი გაუწყვიტოს.. „მანჩესტერმა“ ეს ინფორმაცია უარყო.. რეალურად რონალდუ ახლა ტენ ჰაგისთვის მთავარი გადამრჩენელი უნდა იყოს..

არის მეორე სიტუაციაც. 37 წლის თავდამსხმელს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რათა მსოფლიო ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვდეს და ეროვნულ ნაკრებს დაეხმაროს.

რა შეიძლებოდა მომხდარიყო მისი წასვლის შემთხვევაში? ტენ ჰაგს ახალი გუნდის აშენების უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებოდა და ამ დაძაბულობას თავიდან აირიდებდა. ნიდერლანდელ სპეციალისტს ჯერ კიდევ მაისში 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, მაგრამ კარგად ხვდება, რომ მას არანაირი გარანტია არ აქვს. თანაც მაშინ, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობს..

თუ მიმდინარე სეზონში „წითელი ეშმაკები“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ანუ ოთხეულში ვერ მოხვდებიან, დიდი ალბათობით ერიკი მოიესის, მოურინიოს, ვან გაალის და სულშერის გზას გაიზიარებს..

მისი მმართველობა შეიძლება განისაზღვროს იმით, თუ როგორ უმკლავდება ის რონალდუს საკითხს და მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე ნათლად აჩვენა თავისი უფლებამოსილება, ახლა ტენ ჰაგი თავის პოზიციაზე მყარად უნდა დარჩეს.

ერიკისთვის გამამხნევებელი იქნებოდა, თუ რონალდუ აღიარებს, რომ ისეთი ვეღარ არის, როგორიც ადრე იყო, მაგრამ ეს თითქმის წარმოუდგენელია..

„სპორტინგში“ პოტენციური დაბრუნება ალბათ ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, რადგან რონალდუს იქ ყველა სიხარულით მიიღებდა და ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებდა.

„მანჩესტერის“ ხელმძღვანელობამ ტენ ჰაგს ტრანსფერებისთვის 250 მილიონი ევრო გამოუყო და ახლა მასზე ზეწოლა ხორციელდება. გლეიზერები ფიქრობენ, რომ მხოლოდ ისტორიის და წარსულის გამო რონალდუს არავინ უნდა „მოეფეროს“.

„იუნაიტედი“ მომავლისკენ იყურება და მიუხედავად იმისა, რომ რონალდუ არის მათი უკანასკნელი შეხსენება დიდებული წარსულის შესახებ, ის არ უნდა იყოს მათი ახალი ეპოქის ნაწილი..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"მოლოდინი, რომელსაც სიდიადე აჩენს, ეს კი ჩემი საქმეა.." - მე კრიშტიანუ რონალდუ ვარ
"მოლოდინი, რომელსაც სიდიადე აჩენს, ეს კი ჩემი საქმეა.." - მე კრიშტიანუ რონალდუ ვარ