მოყვარულთა ლიგა, ბასიანი
Aa
Aa

კესკელენის ნაცვლად ბასიანი! - უეფამ ქართველების სარჩელი დააკმაყოფილა

უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ერთობლივი საჩივარი დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც „ბასიანმა“ ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის - რეგიონთა თასის შესარჩევი ეტაპი ოფიციალურად გადალახა.

საჩივარი ყაზახეთის „კესკელენთან“ 27 ივნისს გამართულ მატჩს ეხებოდა, რომელშიც, ყაზახური გუნდის შემადგენლობაში, რეგიონთა თასის დებულების დარღვევით, პროფესიონალმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა. ამ საკითცზე სადისციპლინო სხდომა გაიმართა 13 ივლისს, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 20 ივლისს. ქართული მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რის საფუძველზეც ,,ბასიანს“  „კესკელენთან“ გამართულ მატჩში ჩაეთვალა ტექნიკური მოგება 3:0, გამოცხადდა შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულად და ,,ბასიანი“ ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გადავიდა.

ფაქტს ისტორიულს უწოდებს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე.

„აღნიშნული ფაქტი, ყველა ასპექტით, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ქართული სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე, შესარჩევი ეტაპის აბსოლუტურად დამსახურებულად გადალახვის შემდეგ, რაც, ზოგადად, ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება და საერთაშორისო დონეზე აღიარებაა. მეორე მხრივ, გარდა სპორტული კუთხისა და თავად „ბასიანი“-ს ღირსებული ასპარეზობისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ, სამართლებრივი კუთხით, დიდი შრომა გასწიეს და ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფეხბურთო დავა დაასრულეს გამარჯვებით. მინდა მივულოცო ბასიანს და თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც ქართული ფეხბურთი და, მათ შორის, მასობრივი ფეხბურთი უყვარს და მას გულშემატკივრობს. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მის ხელმძღვანელობას, თითეულ ჩართულ პირს, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის თითოეულ თანამშრომელს. ყველას, ვინც შესაბამისი წვლილი შეიტანა ამ ეპოქალური მოვლენის შექმნაში. ასოციაციის სახელით კი მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ყოველთვის დავიცავით თითოეული სამოყვარულო საფეხბურთო გუნდის ინტერესებს, როგორც სპორტული, ისე სამართლებრივი და სხვა ნებისმიერი კუთხით, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე".

მომდევნო - შუალედურ ეტაპზე „ბასიანი“ მონაწილეობას ევროპის 31 ქვეყნის წარმომადგენელ სამოყვარულო საფებურთო კლუბთან ერთად მიიღებს.

 

წილისყრისა და შესაბამისი კალენდრის მიხედვით, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი მატჩებს ბოსნია და ჰერცეგოვინაში გამართავს:

 

22 აგვისტო - ბასიანი v ცენტრალური შოტლანდია

 

 

25 აგვისტო, ბასიანი v აპოელ ბიკატ (ისრაელი)

 

 

28 აგვისტო, ბასიანი v ზენიცა-დობოი (ბოსნია)

 

შეგახსენებთ, რომ UEFA-ს რეგიონთა თასის A ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში „ბასიანი“ ყაზახურ „კაშკელენთან“ მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა, რის შემდეგაც მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება ყაზახებმა მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები