ოქროს ბურთის ნომინანტი, გოლით გამოსწორებული მიუტევებელი შეცდომა და თაფლი, როგორც საჩუქარი
Aa
Aa

ოქროს ბურთის ნომინანტი, გოლით გამოსწორებული მიუტევებელი შეცდომა და თაფლი, როგორც საჩუქარი

დღეს, საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს და ლეგენდარულ ფეხბურთელს - ალექსანდრე ჩივაძეს 67 წელი შეუსრულდა. ხანგრძლივობის მხრივ, ყველაზე დიდხანს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სწორედ ჩივაძემ იმუშავა, რომელმაც ჩვენი გუნდი ორჯერ, 1993-96 და 2001-03 წლებში ჩაიბარა და მუშაობისთვის ჯამურად 7 წელი მიეცა.

ჩივაძემ კლემენსს ინგლისშიც გაუტანა

ჩემპიონთა თასის გათამაშების 1/16 ფინალის საპასუხო შეხვედრაში დინამომ  ინგლისის ჩემპიონს, ლივერპულს საკუთარ კედლებში უმასპინძლა და ანგარიშით - 3-0 დაამარცხა. გუნდებს შორის პირველი მატჩი 1979 წლის 19 სექტემბერს, ენფილდზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით - 2-1 დასრულდა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში, ნოდარ ახალკაცის გუნდმა რევანში აიღო.

თბილისში, რეი კლემენსის კარში პირველი გოლი 54-ე წუთზე, ვლადიმერ გუცაევმა გაიტანა. 74-ე წუთზე, ჭილაიას აქტიური თამაშის შემდეგ, რამაზ შენგელიამ ანგარიში ორამდე გაზარდა. მე-80 წუთზე, მატჩის საბოლოო ანგარიში ალექსანდრე ჩივაძემ, პენალტის ნიშნულიდან დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ჩივაძემ კლემენსის კარი ინგლისშიც აიღო.

ეს გახლდათ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროპულ ტურნირებს პირველივე წრეში გამოეთიშა.

„ლივერპული მსოფლიოში უძლიერესი გუნდი იყო. შეიძლება ითქვას, რომ მისი შემადგენლობა დიდი ბრიტანეთის ნაკრებს ავსებდა. მატჩამდე ოფიციალური შეხვედრა საბჭოთა კავშირის ელჩთან გვქონდა, როცა ჟურნალისტები გაუშვა გვითხრა, მოდით, ერთამანეთთან ღიად ვისაუბროთ - ამხელა ქვეყნის ჩემპიონები ხართ, ლივერპული მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და ძალიან გთხოვთ, დიდი ანგარიშით არ წააგოთო", - იხსენებს ალექსანდრე ჩივაძე.

კაპიტანი, რომელმაც მიუტევებელი შეცდომა გოლით გამოასწორა

სსრკ-ს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ბესკოვმა 1982 წლის ესპანეთის მუნდიალზე 4 ქართველი ფეხბურთელი წაიყვანა: თენგიზ სულაქველიძე, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე (კაპიტანი) და ვიტალი დარასელია.

ბრაზილიასთან მარცხისა (1-2) და ახალ ზელანდიასთან გამარჯვების (3-0) შემდეგ, ბესკოვის გუნდი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში შოტლანდიას დაუპირისპირდა. მეტოქეს ჯონ სტეინი წვრთნიდა და სსრკ-ს ნაკრების წინააღმდეგ რამდენიმე ძალიან ცნობილმა ფეხბურთელმა ითამაშა: გორდონ სტრაჩანმა, გრემ სუნესმა და სტივ არჩიბალდმა. შეხვედრა ანდალუსიაში, ,,ლა როსალედაზე'' შედგა.

შოტლანდიელთა წინააღმდეგ დარასელიას არ უთამაშია, ხოლო შენგელია, სულაქველიძე და ჩივაძე სასტარტოში მოხვდნენ. მე-15 წუთზე ალექსანდრე ჩივაძე შეცდა, საკუთარ ნახევარზე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და შანსი ჯო ჯორდანმა გამოიყენა. გუნდის ქართველმა კაპიტანმა შეცდომა მეორე ტაიმში გამოასწორა, მე-60 წუთზე შეტევა თავად წამოიწყო და გოლით დაასრულა, ანგარიში გათანაბრდა - 1-1.

84-ე წუთზე ბესკოვის გუნდი წინ გავიდა, შოტლანდიელმა ფეხბურთელებმა საკუთარ ნახევარზე შეუთანხმებლად ითამაშეს და მეკარესთან პირისპირ გასულმა რამაზ შენგელიამ შანსი გამოიყენა, მეკარეს გაცდა და ცარიელ კარში შეაგდო. 87-ე წუთზე გრემ სუნესმა საჯარიმოს გარედან დაბალ კუთხეში დაარტყა და დასაევმა ბურთის მოგერიება ვერ მოასწრო, მატჩი ფრედ - 2-2 დასრულდა.

ჯგუფიდან ბრაზილია და სსრკ გავიდნენ, ხოლო შოტლანდია და ახალი ზელანდია ჩემპიონატს დაემშვიდობნენ. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ბესკოვის გუნდმა ბელგია დაამარცხა (1-0) და პოლონეთთან ფრედ (0-0) ითამაშა. ბურთების უარესი შეფარდების გამო ნახევარფინალში სსრკ-ს ნაკრები ვერ გავიდა, მსოფლიოს საუკეთესო ოთხ გუნდს შორის კი  პოლონეთი მოხვდა.

ჩივაძე და ოქროს ბურთი

თანამედროვე რეალობაში შესაძლოა, რთულად დასაჯერებელი იყოს, რომ იყო დრო, როდესაც ქართველი ფეხბურთელები ოქროს ბურთის ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ და ხმების კონკრეტულ რაოდენობასაც იღებდნენ.

საბოლოო ჯამში, სხვადასხვა დროს, ოქროს ბურთს 6 ქართველი ნომინანტი ჰყავდა: 1981 წელს, ოქროს ბურთის გამოკითხვაში, რამაზ შენგელიას 1 პოზიციით ჩამორჩა ალექსანდრე ჩივაძე, რომელმაც თავი 9 ქულას მოუყარა და მე-8 ადგილს დასჯერდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 1981 წელს დინამო თბილისმა ოქროს ბურთზე საუკეთესო შედეგი აჩვენა - ამ გუნდიდან ყველაზე მეტმა, სამმა ფეხბურთელმა (3) მიიღო მონაწილეობა და ჩამოიტოვა მიუნხენის ბაიერნი, რომელსაც ორი (2) წარმომადგენელი ჰყავდა.

თაფლი, როგორც საჩუქარი

ჩივაძე საქართველოს ,,ოცნების გუნდში"

IFFHS ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია გახლავთ, რომელიც 1984 წელს დაარსდა. ორგანიზაციას საკუთარ ვებგვერდზე რამდენიმე საინტერესო რუბრიკა აქვს და ერთ-ერთში სხვადასხვა ქვეყნის ოცნების გუნდებს ასახელებს.

გასულ წელს, IFFHS-მა რუბრიკაში ყურადღება ქართულ ფეხბურთზეც გაამახვილა და საქართველოს ყველა დროის ოცნების გუნდი შემოგვთავაზა. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 4-3-3 ტაქტიკა გამოიყენა და მეკარის პოზიციაზე ანზორ კავაზაშვილი გაამწესა. დაცვის მარცხენა ფლანგზე კახა კალაძეს ვხედავთ. ალექსანდრე ჩივაძე და მურთაზ ხურცილავა ცენტრალური მცველების პოზიციას იკავებენ, რევაზ ძოძუაშვილი კი მარჯვენა ფლანგის მცველია. ნახევარდაცვის ცენტრში დავით ყიფიანია, რომლის მხარდამხარაც ვიტალი დარასელია და თენგიზ სულაქველიძე არიან გამწესებული.

შემტევ ტრიოს რაც შეეხება, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია ბორის პაიჭაძეს უკავია, მარცხენა ფლანგი მიხეილ მესხს აბარია, ხოლო მარჯვნივ სლავა მეტრეველს ვხედავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგა | რას ფიქრობენ საქართველოს ნაკრებისა და ეროვნული ლიგის ფეხბურთელები
ჩემპიონთა ლიგა | რას ფიქრობენ საქართველოს ნაკრებისა და ეროვნული ლიგის ფეხბურთელები