''ყოველთვის შთამბეჭდავია მებრძოლი სული'' - ჯოკოვიჩმა ნადალზე ისაუბრა
Aa
Aa

''ყოველთვის შთამბეჭდავია მებრძოლი სული'' - ჯოკოვიჩმა ნადალზე ისაუბრა

ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა შორის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ესპანელი რაფაელ ნადალი და რუსი დანილ მედვედევი დაუპირისპირდნენ. სეზონის პირველი დიდი სლემის მფლობელი და კარიერაში რეკორდული 21-ე დიდი სლემის გამარჯვებული რაფაელ ნადალი გახდა!

რაფამ 5:25 საათიან თრილერში ხუთ სეტში - 2:6, 6:7 (5-7), 6:4, 6:4, 7:5 მოიგო და ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში მეორედ (2009 წლის შემდეგ) მოიგო.

აღნიშნულ ფაქტს სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოეხმაურა.

''ავსტრალიის ღია პირველობაზე შესანიშნავი თამაში ვიხილეთ, ფინალი კი განსაკუთრებული იყო. ეშლი ბარტის ვულოცავ ბრწყინვალე თამაშს მშობლიურ გარემოში, თანამემამულეების წინაშე, დანიელ კოლინზს კი - წარმოუდგენელ ტურნირს. რაფაელ ნადალს ვულოცავ 21-ე დიდი სლემის მოგებას. საოცარი მიღწევაა. ყოველთვის შთამბეჭდავია მებრძოლი სული, რამაც კიდევ ერთხელ გამარჯვება მოუტანა. დანიილ მედვედებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღო, ბოლომდე დაიხარჯა. მან იმ ვნებითა და მონდომებით ითამაშა, რაც მისგან მოსალოდნელი იყო''.

ამრიგად, დიდი სამეულიდან პირველად 21-ე დიდი სლემის მოგება 35 წლის რაფაელ ნადალმა შეძლო. ფედერერსა და ჯოკოვიჩს კი ჯერჯერობით 20-20 რჩებათ.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკი ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო ავსტრალიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა და მოქმედმა ჩემპიონმა ტურნირი გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები