უშეღავათო ბრძოლა - მილანმა რომში რომა დაამარცხა
Aa
Aa

უშეღავათო ბრძოლა - მილანმა რომში რომა დაამარცხა

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „რომამ“ „მილანს“ უმასპინძლა. გულშემატკივრებმა რომში ნამდვილი ბრძოლა იხილეს. უმძიმეს მატჩში „როსონერიმ“ 2:1 გაიმარჯვა და ძალზედ მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

პირველი ტაიმი სტეფანო პიოლის გუნდის კარნახით წარიმართა. მილანელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. 26-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უძლიერესი დარტყმით ანგარიში ჯარიმის ნიშნულიდან გახსნა და „როსონერი“ დააწინაურა. ჟოზეს ბიჭები კონტრ-შეტევებზე თამაშობდნენ, თუმცა არაფერი გამოსდიოდათ.

მეორე ნახევარში სურათი დიდად არ შეცვლილა. მომენტებს უფრო მეტად „მილანი“ ქმნიდა. მატჩის არბიტრმა იბრაჰიმოვიჩს და რაფაელ ლეაოს თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლები არ ჩაუთვალა. 57-ე წუთზე კი „კესიმ“ „ჯალოროსის“ პენალტი გაუტანა და უპირატესობა სოლიდური გახადა.

შეხვედრის 66-ე წუთზე სტუმრებისთვის მეტად არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა. არბიტრმა მინდვრიდან ტეო ერნანდესი გააძევა. მის გაგდებას მატჩის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა „მილანი“ მომავალ ტურში „ინტერს“ დაუპირისპირდება და ამ ძალზედ მნიშნველოვან შეხვედრაში ტეო მონაწილეობას ვერ მიიღებს.

93-ე წუთზე ელ შაარავიმ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო. მოურინიოს ბიჭები შტურმზე გადავიდნენ და ტატარუშანუმ ერთ ეპიზოდში საკუთარი გუნდი მეორე გაშვებულ გოლს გადაარჩინა. საბოლოო ჯამში რომაელებმა ანგარიში ვერ გაათანაბრეს და დამარცხდნენ.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები